20 მაისი 2024,   02:33
ვრცლად
"განუსაზღვრელი ფანტაზიის ნაყოფი" - პრემიერი მთავრობის ლობისტებთან სკანდალურ მიმოწერაზე

მმართველ გუნდში იმ საიდუმლო წერილების არსებობას უარყოფენ, რომელიც „რუსთავი2“-მა მოიპოვა.  საუბარია მიმოწერაზე, რომელიც "ქართულ ოცნებასა" და პარტიის ლობისტებს შორის შედგა და რომლის მიხედვითაც ოპოზიციის წინააღმდეგ შავი პიარი იგეგმებოდა. 

განმარტებების გაკეთება დღეს პრემიერ-მინისტრს მოუწია. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ „რუსთავი2“-ის დოკუმენტებს გაეცნობა და შეფასებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც დადგინდება, რომ ისინი ავთენტურია. 

„სიმართლე გითხრათ, მე ეს დიდი ფანტაზიის ნაყოფი მგონია, რაც თქვენ ახლა აღნიშნეთ. მე გავეცნობი თუ გაქვთ ეს დოკუმენტი, ჩემი შეფასებით, ეს არის ძალიან დიდი და განუსაზღვრელი ფანტაზიის ნაყოფი. გავეცნოთ, თითოეული ჩვენთაგანი დარწმუნდეს, რომ ეს არის ვალიდური დოკუმენტი და მერე მივცეთ შეფასება. მე არაერთხელ მახსოვს, რომ მსგავსი ინფორმაციები, რომ იყო ეს ფაქტი და მერე აღმოჩნდებოდა და რომ იყო ეს ელემენტარული ტყუილი. დავრწმუნდეთ ჯერ და მერე მივცეთ შეფასება,“-აცხადებს პრემიერი.

ლობისტებთან ხელისუფლების საიდუმლო მიმოწერაზე არ საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. 

თალაკვაძე ამბობს, რომ ამ დოკუმენტით, ვერ გადაიფარება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის ფლორიდაში ბინის შეძენას აპირებს. 

მასშტაბური მიმოწერა, რომელიც "რუსთავი2"-მა მოიპოვა, 600 დოკუმენტისგან შედგება. ერთ-ერთი ეპიზოდი ოპოზციის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბის შავი პიარკამპანიის დაგეგმვას უკავშირდება. ირკვევა, რომ მმართველი გუნდი და მისი ლობისტები 2016 წელს შავ კამპანიას გიგი წერეთლის წინააღმდეგ გეგმავდნენ, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს.

როგორც "რუსთავი2"-ის მიერ მოპოვებული სკანდალური დოკუმენტებით ირკვევა, უსაფრთხოების, ქვეყნის ოკუპაციისა და რუსეთიდან მომდინარე აგრესიის მიმართულებებით საქართველოს მთავრობა მის მიერ დაქირავებულ ლობისტებს არაფერს ავალებს და ლობისტების მთავარი დანიშნულება "ქართული ოცნების" პიარია. 

დღის ამბები