10 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
მერაბიშვილს დასახელებული ჰყავს ყველა ის პირი, ვინც მისი საკნიდან გაყვანის ეპიზოდში მონაწილეობდა - ჩივიაშვილი გამომძიებელს პასუხობს

ყოფილი პრემიერისა და ყოფილი შს მინისტრის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი, საქმის გამომძიებლის შეფასებას, რომ მერაბიშვილი ვერ ასახელებს იმ პირთა ვინაობას, ვინც ის საკნიდან გაიყვანა, არ ეთანხმება. 

ჩივიაშვილი ამბობს, რომ წინა ორ დაკითხვაში ვანო მერაბიშვილმა მიუთითა ყველა იმ პირის სახელი და გვარი ვინც მასზე იძულებას ახორციელებდა. უფლებადამცველის თქმით, მერაბიშვილს შეუძლია ამოიცნოს პირი, რომელმაც საკნიდან გაიყვანა. გარდა ამისა, ყოფილ პრემიერს დასახელებული ჰყავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მის საკნიდან გაყვანას. 

ჩივიაშვილი ამბობს, რომ ყველა მტკიცებულება არსებობს ამ პირების პასუხისგებაში მისაცემად, მაგრამ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს და საკუთარ თავს არ დაიჭერს.  

„ეს არის მესამე დაკითხვა,ჩვენ წინა ორ დაკითხვაში მითითებული გვყავს ადამიანები სახელებით და გვარებით, თუ ვინ ახორციელებდა კონკრეტულად იძულებას, მითითებული გვაქვს ისიც რომ ამოცნობა შეუძლია ადამიანების ვინც კონკრეტულად მოკიდა ხელი და გაიყვანა, მაგრამ ამოცნობა არ ჩატარებულა და ალბათ, არც ჩაატარებენ, იმიტომ რომ ყველაფერია იმისთვის, რომ ეს ადამიანები პასუხისგებაში იყვნენ მიცემული, მაგრამ ხელისუფლება საკუთარ თავს არ დაიჭერს,“-განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ივანე მერაბიშვილი დღეს მესამედ იკითხება. მისი დაკითხვა ორ საათზე მეტია მიმდინარეობს. საქმე ეხება 2013 წელს მის საკნიდან გაყვანის ეპიზოდს. საქმეზე საქართველოში ჩატარებული გამოძიება უშედეგოდ დასრულდა. ახალი გამოძიება კი სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციის საფუძველზე განახლდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები