24 ივნისი 2019,   22:42
ვრცლად
მნიშვნელოვანი
გაყიდული თამაშების სკანდალი - ფეხბურთელების საქმეში შესაძლოა, ახალი ფიგურანტები გამოჩდნენ

სკანდალი ქართულ ფეხბურთში სულ უფრო მასშტაბური ხდება. ჩაწყობილი თამაშების საქმეში შესაძლოა, ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ 11 ფეხბურთელის დაკავების პარალელურად ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ გამოძიების დასრულებას არ დაელოდება, შიდა მოკვლევას ჩაატარებს და ყველა გვარს საჯაროდ იტყვის, ვინც ჩაწყობილი თამაშების უკან დგას.

კობიაშვილმა დღეს გარიგებების მონაწლეებს ლოცვის გაძლიერება ურჩია.

როგორც ჩანს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ანტიკორუფციული სამსახური და ფედერაციაც კლუბ ვიტ ჯორჯიას საეჭვო თამაშებით დაინტერესდა. კითხვები გაჩნდა აპრილში რუსთავთან შემდგარი მატჩის დროსაც, როდესაც ვიტ ჯორჯია ჯერ 2:0ს იგებდა, შემდეგ კი ბოლო 15 წუთში 3:2 დამარცხდა.

ვიდრე ფეხბურთის ფედერაცია ბრალდებულების სხვა დანაშაულში მხილებაზე მუშაობს, დაკავებული სპორტსმენები ჯერ წაყენებულ ბრალსაც არ აღიარებენ. ვიტ ჯორჯიას მოთამაშეები დარწმუნებულები არიან, რომ პროვოკაციის მსხვერპლები არიან.

ადვოკატების თქმით, ანტიკორუფციული სამსახურის მიერ მიგზავნილ პირებს სპორტსმენებმა თამაშის გაყიდვაზე უარი 2-ჯერ უთხრეს.

ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელების დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა ბათუმის დინამოსთვის. სწორედ მათთან გამართულ მატჩზე დაფიქსირებული საბოლოო შედეგის შემდეგ დაადეს ხელბორკილები სპორტსმენებს გამოსაცვლელ ოთახში.

კლუბ ბათუმის დინამოს ხელმძღვანელობა თამაშების გაყიდვის სქემას კატეგორიულად ემიჯნება.

დაკავების საფუძვლები გაურკვეველია ლანჩხუთის გურიას მოთამაშეებისთვისაც. იმ ფონზე, როდესაც ანტიკორუფციული სამსახური 3 აპრილს გამართული მატჩით მხოლოდ თვენახევრის შემდეგ დაინტერესდა.

დღის ამბები