24 ივნისი 2019,   22:38
ვრცლად
მნიშვნელოვანი
"ეს არის ძალიან უხეში შეცდომა" - ოთარ კახიძე NDI-ის კვლევას ეხმაურება, სადაც პოლიტიკოსთა რეიტინგის ჩამონათვალში დავით ბაქრაძე ვერ მოხვდა

„ეს არის შეცდომა, რომელიც დაუშვა NDI-იმ და კვლევითმა კომპანიამ, ვინც ეს კვლევა შეასრულა,“ - ასე ეხმაურება ოთარ კახიძე NDI-ის კვლევების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკოსების რეიტინგს ეხება და რომლის ჩამონათვალშიც დავით ბაქრაძე ვერ მოხვდა.

ევროპული საქართველოს წევრი აცხადებს, რომ პარტიამ მოიკითხა თავად  ორგანიზაციასთან მიზეზი და გაირკვა, რომ მათ დავით ბაქრაძე ჩამონათვალში, უბრალოდ, გამორჩათ. ოთარ კახიძე ამბობს რომ ეს არის ძალიან უხეში შეცდომა და იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო კვლევაში ბაქრაძის გვარი ჩამონათვალში იქნება.

„არანაირი ლოგიკა არ არის, ჩემი პერსონალური რეიტინგი არის გაზომილი და დავით ბაქრაძის რეიტინგი, რა თქმა უნდა, უნდა გაზომილიყო. ჩამონათვალშიც არ იყო დავით ბაქრაძე. ეს არ არის პატარა შეცდომა იმიტომ, რომ გამორჩათ ევროპული საქართველოს  თავმჯდომარე, საპრეზიდენტო არჩევნებზე მესამე ადგილზე გასული პირი და ყველაზე მეტი რეიტინგის მქონე, მათ შორის, NDI-ის კვლევებით ასე იყო ტრადიციულად ბაქრაძე და სერგეენკო იყვნენ ბოლო წლებში ლიდერებში,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძე კვლევის სხვა ნაწილსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, გამოკითხვის შედეგები ლოგიკურია, რადგან ქართულმა ოცნებამ გასცა ასტრონომიული დაპირებები, რომელთაგან მინიმალურიც კი ვერ შეასრულა.

„ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ ქვეყანა წაიყვანა უკან და ამას გრძნობს საქართველს თითოეული მოქალაქე,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

ოთარ კახიძე აცხადებს, რომ პარტია ენდობა NDI-ის კვლევებს, თუმცა, არ ეთანხმება იმ ნაწილში, რომ ევროპულ საქართველოს’ დაბალი რეიტინგი აქვს. კახიძის თქმით, ეს შუალედურმა არჩევნებმა და მთაწმინდაზე მეორე ტურმაც დაამტკიცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები