07 დეკემბერი 2019,   03:57
ვრცლად
გაფლანგული მილიონები და დაკავებულები მაღალჩინოსნები ბათუმში - "კონვენტ ჯორჯიამ" ტენდერი ბათუმის გარდა თბილისშიც მოიგო 

აზერბაიჯანული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“, რომლისთვის გადარიცხული მილიონ ნახევარი ლარის გამო დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები დააკავეს, მხოლოდ ბათუმში, იაფი სახლის პროექტში არ ფიგურირებს.

რამდენიმე კვირის წინ „შაბათის კურიერმა“ ჩაწერა ინტერვიუ ამ კომპანიის მფლობელთან. ანარ ალექბეროვი ამბობს, რომ ტენდერების მოგების სანაცვლოდ ქართველ მაღალჩინოსნებს ის ქრთამს აძლევდა.

საქმე ეხება თბილისში ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ახალი შენობის მშენებლობას. „კონვენტ ჯორჯიამ“ ეს ტენდერიც მოიგო, თუმცა ვალდებულებები აქაც არ შეასრულა, წინასწარ ჩარიცხული მილიონობით ლარიდან კი წილი, როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ყოფილ შეფს ირაკლი შიხიაშვილს მისცა.

„ტენდერის მოგებიდან მალევე დეპარტამენტიდან მომიგზავნეს ადამიანი და გვითხრეს,რომ დაგვეხმარებოდნენ, ჩვენ კი 100 ათასი უნდა მიგვეცა ხელმძღვანელისთვის, ირაკლი შიხიაშვილისთვის. გვქონდა შეხვედრა მის მოადგილე დავითთანაც. მასაც ვკითხე, რაში უნდა დაგვხმარებოდნენ ან რაში უნდა გადაგვეხადა თანხა. მითხრეს, რომ  მე არ ვიცოდი ბევრი რამ, რომ ქართველი არ ვიყავი და არ ვიცნობდი ქართულ კანონებს.

ვუპასუხე, რომ შეიძლება არ ვიცოდი ბევრი კანონი, მაგრამ მყავდა იურისტი ბუღალტერი და ყველაფერი ოფიციალურად ხდებოდა, შემდეგი შეხვედრის დროს კი უკვე თანხის მოთხოვნა დაიწყეს. გვყავდა შუამავალიც, ეტაპობრივად ჯამში მატ 70 ათასი, 80 ათასი ლარი გავუგზავნე.

ერთხელ კი შიხიაშვილის მოადგილემ პირადადაც მითხრა,რომ სასწრაფოდ უნდა მიმეცა 2800 ლარი, მივეცი და ვუთხარი, რომ  საკმარისი იყო, ჩვენ ვმუშაობდით, ისინი კი სულ ფულს ითხოვდნენ და ხელს მიშლიდნენ.

იყო შემთხვევა, როდესაც მე მათ ფული თბილისის ცენტრში „რედისონის“ წინ გადავეცი. საერთოდ თანხა კი რომელიც მე ირაკლი შიხიაშვილს გავუგზავნე 78 ათასი ლარი, ან შეიძლება ცოტა მეტიც იყო,“- აცხადებდა კომპანია "კონვენტ ჯორჯიას" მფლობელი ანარ ალექბეროვი „შაბათის კურიერთან“ ინტერვიუში.

ამავე თემაზე
დღის ამბები