02 მაისი 2024,   08:09
ვრცლად
რუსული ენერგოგიგანტის ქართული ფილიალი ბაზარზე - სემეკის ხელმძღვანელი რუსული ენერგოდამოკიდებულების საფრთხეს ვერ ხედავს

რუსული "ინტერ რაო" საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის დაპყრობას ცდილობს - ბაზარზე რუსული ენერგოგიგანტის ქართული ფილიალი გამოჩნდა.

დღეს სემეკის ხელმძღვანელს ირინა მილორავას დეპუტატებმა ჰკითხეს, რას უპირისპირებს ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის გაცხადებულ ზრახვას, გახდეს მონოპოლისტი ქართულ ენერგო ბაზარზე.

მილორავა ამბობს, რომ პრობლემას ვერ ხედავს, რომ „ინტერ რაო საქართველოს“ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა საქართველოდან დენის გატანის და ელექტროენერგიის შემოტანის უფლება მისცა. ის ასევე პრობლემად არ განიხილავს რუსულ იმპორტირებულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულებას ან დამოკიდებულების ზრდის შანსს.

მილორავას აზრით, ვინც არ უნდა დარეგისტრირდეს საბითუმო მიმწოდებლად მთავარია, რომ კონკურენტული გარემო შეიქმნას. მისივე თქმით, არსებითად არაფერი იცვლება, „ინტერ რაო საქართველო“ ქართულ კანონმდებლობას იქნება დაქვემდებარებული და ისე იმუშავებს, როგორც „თელასი“.

ირინა მილორავა-ის სურათის შედეგი„არაფერი არსებითად არ შეცვლილა, იგივე საქმიანობას განახორციელებს, რასაც ახორციელებდა აქამდე ოღონდ ახალი სამართლებრივი სტატუსით. დაქვემდებარებული იქნება ქართულ კანონმდებლობას.თუ აქამდე ელექტროენერგიას გვაწვდიდა საზღვარზე ახლა მოგვაწვდის უშუალოდ ბაზარზე, გახდება ქართული საწარმო. ისევე, როგორც მაგალითად „თელასი“, „ინტერ რაო საქართველოც“ იქნება კლასიკური ქართული საწარმო,რომელიც ქართულ კანონმდებლობას დაექვემდებარება,“-აცხადებს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია, თუმცა სწორი პოლიტიკით და დივერსიფიკაციით შეიძლება ამასთან ბრძოლა. რომან კაკულია გამორიცხავს, რომ რუსულ ენერგოპროდუქტებზე დამოკიდებულების გაჩენას ხელისუფლება მიზანმიმართულად უწყობს ხელს.

რომან კაკულია-ის სურათის შედეგი„რუსეთიდან არამხოლოდ ენერგო არამედ ნებისმიერი ტიპის აგრესიას უნდა ველოდეთ, გვაქვს რთული გამოწვევა და სწორედ დივერსიფიცირებით და გონივრული პოლიტიკა უნდა დავუპირისპირდეთ ამას. რუსეთისგან რას არ უნდა ველოდოთ ეს უნდა ვიკითხოთ... ვერ დავეთანხმები იმას, რომ ვინმეს ეს მიზანი აქვს, მიზანი მე ნამდვილად არ მაქვს და ვისთანაც მე ვთანამშრომლობ ამას ვერ ვხედავ, მაგრამ გამოწვევა არის, შეკითხვაც ლეგიტიმურია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ეჭვები გაიფანტოს და მივიღოთ დივერსიფიცირებული ბაზარი, თუ ამას ვერ მივიღებთ მაშინ აღმოჩნდება, რომ ეს ცვლილებებიც არ ყოფილა სწორი ცვლილებები. ამაზე ვიმსჯელებთ კანონის მიღების პროცესში,“-აცხადებს კაკულია.

ამ თემაზე ვრცელი სიუჟეტი "შაბათის კურიერმა" მოამზადა, საიდანაც ცნობილი ხდება,რომ  საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ახალი მოთამაშე 10 დღის წინ გამოჩნდა. კომპანია ინტერ რაო საქართველო იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში 2019 წლის 21 მაისს გაატარა და ზუსტად რამდენიმე საათში - 22 მაისს, მას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა საქართველოდან დენის გატანის და ელექტროენერგიის შემოტანის უფლება მისცა.

ქართული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრიდან სამი რუსეთის მოქალაქეა, მათ შორისაა ალექსანდრა პანინა - რუსული ინტერ რაოს ერთ-ერთი მმართველი. ის კრემლის კარზე მიღებული მაღალჩინოსანია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები