02 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის მერიაში დაფიქსირებულ დანაშაულებებზე საუბრობს და სამართალდამცავებისგან რეაგირებას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფო აუდიტის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებისგან რეაგირებას ითხოვს. საქმე ეხება ბათუმის მერიის სიპ-ებისა და აიპ-ების საქმიანობას.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლაშა ადამიას განცხადებით, დასკვნაში რამდენიმე უწყებაა მოყვანილი, რომლებზეც აუდიტი პირდაპირ მიუთითებს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე და კორუფციის საეჭვო რისკებზე. ლაშა ადამია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეზე საუბრობს და ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძეს ამ საკითხის გამოძიების პასუხისმგებლობა ეკისრება.

ოპოზიციური პარტია სამართალდამცავებს მოუწოდებს დროულად მოხდეს საქმის გამოძიება და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტის უკანონო განკარგვაშია ჩართული. 

„დღეს ერთი და იგივე პოლიტიკური გუნდი თავის განშტოებებს უბრალოდ პოპულისტურად ებრძვის და რეალურად რა დანაშაულებიც ხდება წლების განმავლობაში ბათუმის მერიაში, რამაც მოიცვა ბათუმის მერია და მე მაქვს აუდიტის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ მილიონობით ლარი იფლანგება, იხარჯება და ადგილი აქვს კორუფციას და ეს არ არის ჩვენი მოგონილი ფაქტები. ამ საკითხებზე გამოძიება დღემდე არ დაწყებულა. უფრო მეტიც, ეს ადამიანები არიან დაწინაურებულები და ეს ადამიანები გვევლინებიან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებად. როდესაც თორნიკე რიჟვაძე საუბრობს კორუფციის აღმოფხვრაზე, მას, როგორც რეგიონის უმაღლეს პოლიტიკურ ფიგურას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ პირველ რიგში ამ საკითხის გამოძიებით დაკავდეს და შეუდგეს საქმეს, რადგანაც სახელმწიფო აუდიტი და ეს არ არის ოპოზიციური პარტია ან რომელიმე ორგანიზაცია, ეს არის სახელმწიფო აუდიტი, რომლის ვალდებულებაა, რომ მიუთითოს საჯარო ორგანიზაციას ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვისკენ,“ - განაცხადა ლაშა ადამიამ.

 

დღის ამბები