06 მაისი 2024,   14:34
ვრცლად
რუსული სპეცსამსახურები და "სუკის" ყოფილი ოფიცრები საქართველოში - ქართველი კანონმდებლები ამერიკელი მკვლევარების ანგარიშს აფასებენ

"ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საბჭოთა "სუკის" ყოფილი ოფიცრები  და რუსეთის სპეცსამსახურების ერთგული თანამშრომლები, საქართველოში სამუშაოდ დაბრუნდნენ -ამერიკელი მკვლევარების საგანგაშო ანგარიშს ოპოზიცია მოსალოდნელს უწოდებს.  

- ოპოზიციის განცხადებით, ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ საგანგაშო კვლევის შედეგები, მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ამერიკელი მკვლევარების ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საბჭოთა "სუკის" ყოფილი ოფიცრები რუსეთის სპეცსამსახურების ერთგული თანამშრომლები, საქართველოში სამუშაოდ დაბრუნდნენ, პირდაპირ ასახავს ქვეყანაში შექმნილ რეალობას.

„ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე მრავალი წელია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხდება საქართველოს სპეცსამსახურების იმფლიტრაცია რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლების მიერ, ეს ჩვენთვის არ არის სიახლე, უბრალოდ ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას. ბუნებრივია, ვერ მოხდებოდა ხელისუფლების პირდაპირი ჩარევისა და ხელშეწყობის გარეშე. ეს თავისთავად ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს სვამს ივანიშვილის რეჟიმის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით,“-აცხადებს თინა ბოკუჩავამ.

რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობასა და რუსული ინტერესებისთვის წყლის დასხმაში ადანაშაულებს მმართველ გუნდს "ევროპული საქართველო."

ოთარ კახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ პირველი, რაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააკეთა, რუსეთის ჯაშუშების ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლება იყო.

„სანაცვლოდ დაიწყეს ჩვენი კონტრდაზვერვის მაღალჩინოსნების დევნა, ვინც ამ პირების გასამართლებას უზრუნველყოფდა. შესაბამისად ეს ნაბიჯი მოსვლის დღიდანვე დაიწყო ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ასევე გვაქვს პირდაპირი მაგალითი ე.წ. პატრიოტთა ალიანსის, რომლის მოყვანაც უზრუნველყო პარლამენტში, ღია პარტნიორები არიან ხომ? გვახსოვს წინა არჩევნები, სადაც მათი ალიანსი პრაქტიკულად გაფორმდა,“-აცხადებს ოთარ კახიძე.

„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ანგარიშის ეს ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.  

„არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი და ზუსტი ჩანაწერი, არ ვიცი რა ინფორმაციას ეყრდნობა, შესაბამისად ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სრულიად საპირისპირო ინფორმაცია გვაქვს. ჩვენ მუდმივად გვაქვს ჩვენს უსაფრთოხოების სამსახურებთან კომუნიკაცია,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

დღის ამბები