18 მაისი 2024,   10:23
ვრცლად
ყაზბეგში, ავიაკატასტროფის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა

ყაზბეგში, ვერტმფრენის ავიაკატასტროფის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. ტერიტორია, სადაც გუშინ ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისევ შემოსაზღვრულია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, რომლებმაც კატასტროფის მიზეზი უნდა დაადგინონ.

მათი განმარტებით, ვერტმფრენის ფრაგმენტებს და ძრავს სპეციალურ ანგარში შეინახავენ, ვიდრე საზღვარგარეთიდან სპეციალისტები ჩამოვლენ. 

"ველოდებით სპეციალისტებს. ქარხნის წარმომადგენლები ამერიკა, კანადა და საფრანგეთი - ძრავის წარმომადგენელს. ჩამოდიან დღე-დღეზე, 8-9 რიცხვში. მეტ ინფორმაციას არ ვფლობთ, შემდგომში მოხდება კონკრეტიზაცია,"-აცხადებს ექსპერტი.  

ვერტმფრენის მფლობელი კომპანია „ავიატორ პლუსის“ წარმომადგენლები პოლიციის სამმართველოში გვიან ღამემდე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. მათი განმარტებით, საფრენი აპარატი ტექნიკურად გამართული იყო.

რაც შეეხება ბორტზე მყოფ სამ პირს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ, მათთან დაკავშირებით კომპანია საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს.

„გვაქვს მოლოდინი, რომ გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კომპანიის თანამშრომლობის მონაწილეობით, ველოდებით შეხმიანებას გამოძიებისგან და მზად ვართ ვითანამშრომლოთ. გუშინ გავრცელდა ჩვენი აზრით, ძალიან არასწორი ინფორმაცია კონკრეტულ გარემობებთან დაკავშირებით, მათ შორის სწორედ ბორტზე მყოფ პირებთან დაკავშირებით და კომპანია გააკეთებს განცხადებას,“-აცხადებს ადვოკატი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ევროპული არჩევანის” წევრი კახა წერეთელი.  

ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან შეგიძლია იხილოთ შემდეგ ბმულზე.

დღის ამბები