18 ივნისი 2019,   02:02
ვრცლად
ზვიად კუპრავა ზურგიდან მომეპარა და წიხლი ამომარტყა - ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი

„შემოვბრუნდი, უკნიდან, ზურგიდან მომეპარა და ამომარტყა წიხლი,“ - ეს განცხადება, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა სასამართლო პროცესზე ზვიად კუპრავას მისამართით გააკეთა. ის დაზარალებულის სტატუსით საქალაქო სასამართლოში დაიკითხა. ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ფიზიკურ შეურაცხყოფაში  - წიხლის ამორტყმაში ადანაშაულებს.

ზვიად კუპრავას 19 თებერვალს ბრალი, სწორედ ზაქარეიშვილისთვის წიხლის ამორტყმის გამო წაუყენეს. ზაქარეიშვილის განმარტებით, ზვიად კუპრავა მასზე ნაწყენი იყო, ვინაიდან მის ქმედებებს, აკრიტიკებდა და მოსაზრებებს Facebook-ზე გამოხატავდა მაშინ, როდესაც ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან ერთად საპროტესო აქციებს მართავდა. დაზარალებულმა სასამართლოსგან მოითხოვა, რომ თუ ზვიად კუპრავა მას ბოდიშს არ მოუხდის, უმკაცრესი სასჯელი იქნას გამოყენებული.

ადვოკატის დაკითხვის დეტალებზე პროკურორმა ისაუბრა. დავით კიკაჩეიშვილის თქმით, დაკითხვის დროს ზაქარეიშვილმა დაადასტურა, რომ ზვიად კუპრავამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ტკივილი განიცადა.

ზაქარეიშვილის დაკითხვის დეტალებზე ზვიად კუპრავას ადვოკატმა ლევან დავითაიამაც ისაუბრა.

„დაზარალებული მიუთითებს ფიზიკურ ტკივილზე, რომელიც მან გაიყუჩა, დაახლოებით, 8 საათის მერე ციტრამონის მეშვეობით. გარდა ამისა, ვრცლად ისაუბრა იმ მორალურ ზიანზე, რომელიც კუპრავას მხრიდან იყო მიღებული. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამ ყველაფერში ახსნა, იქიდან გამომდინარე, რომ ზაქარეიშვილი პირდაპირ უპირისპირდებოდა ზვიად კუპრავას, როგორც მისი პოლიტიკური საქმიანობიდან, ასევე ზოგადად საზოგადო აქტივობიდან გამომდინარე,“ - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები