18 აგვისტო 2019,   07:53
ვრცლად
სპეცოპერაცია ისრაელში - საქართველოს მოქალაქეების ნაწილი დეპორტირებულია, ნაწილი იზოლატორში იმყოფება

სპეცოპერაცია ქართველების წინააღმდეგ - ისრაელში სამართალდამცველებმა ათობით საქართველოს მოქალაქე არალეგალურ სამუშაო ადგილზე აიყვანეს. მათი ნაწილი უკვე დეპორტირებულია, ნაწილი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

ემიგრანტები ამბობენ, რომ საპატიმროში გაუსაძლისი პირობებია, არ აქვთ საკვები და უმძიმეს სანიტარულ პირობებში იმყოფებიან. პრობლემის შესახებ ინფორმირებულია დიპლომატიური უწყებაც, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრი,დავით ზალკანიანი არ ადასტურებს, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების უფლებები ირღვევა.

ისრაელში ხორცპროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოში საქართველოს მოქალაქეების დასაკავებლად სპეცოპერაცია დღეს გამთენიისას ჩატარდა.მხოლოდ ამ საწარმოდან სამართალდამცველებმა 30-მდე ქართველი აიყვანეს, რომლებსაც ისრაელში ყოფნის კანონიერი ვადა უკვე ამოწურული ჰქონდათ.

ის ქართველი ემიგრანტები, ვისი დაკავებაც პოლიციამ ვერ შეძლო ”კურიერს ”ისრაელიდან დაუკავშირდნენ. ქართველი არალეგალები, რომლებიც უცხო ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვების გამო წავიდნენ აცხადებენ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მათზე ნადირობაა გამოცხადებული. საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ პირდაპირ სამუშაო ადგილებზე, ქუჩაში, სახლებში და ისრაელის თითქმის ყველა ქალაქში.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ისრაელის სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს 24 მოქალაქეა გადაყვანილი. 12 მათგანს საქართველოში უახლოეს პერიოდში გამოამგზავრებენ, ნაწილი კი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

დღის ამბები