14 ოქტომბერი 2019,   11:09
ვრცლად
"დიპლომატიური ქაჯობა, გენერალური ასამბლეის წევრია ქვეყანა და არა გავრილოვი" - ზაქარია ქუცნაშვილი მოქალაქეთა პროტესტზე 

მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეა, რომელსაც პუტინის თანამოაზრე და ოკუპაციის თანამონაწილე რუსი დეპუტატები ესწრებიან, დაიწყო. ასამბლეა ფილმის ჩვენებით გახსნეს, რომელიც მართლმადიდებლობას ეხება.  

ავლაბრის ცერემონიების სასახლესთან კი მოქალაქეები საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს აპროტესტებენ. მათ სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. 

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი მოქალაქეთა პროტესტს ეხმაურება. ქუცნაშვილის თქმით, ქვეყნის მთავრობა ემიჯნება რუსული დიპლომატიის პოზიციას, თუმცა მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა. ქუცნაშვილი საქართველოში სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არ არსებობს დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისთვის არ აქვს მიცემული. ამ ლოგიკით კი, მისი თქმით, ქვეყანაში არც ერთი მათგანი არ უნდა იქნას შემოშვებული.  

"ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო და საპარლამენტო დიპლომატიის საშუალებები გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ. ის ვინც ამ ინსტრუმენტების გამოყენების წინააღმდეგია, უნებლიედ არის საქართველოს მთლიანობის, საქართველოს გამთლიანების მოწინააღმდეგე. მარტო, ემოციური განცხადებებით, ეს საქმე ვერ გაკეთდება. საქართველოს, სამწუხაროდ, არ აქვს სამხედრო და ეკონომიკური სიძლიერე იმხელა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს მასზე დაყრდნობით.

ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ქვეყნის დელეგაციის შემადგენლობა და ღონისძიება. ვინც მართლმადიდებლური ასამბლეის წინააღმდეგია, ის ავტომატურად წინააღმდეგია ამ ინსტრუმენტის გამოყენების და უნებლიედ ჩართულია იმ დოგმატურ ჩარჩოებში, რასაც ნაციონალური მოძრაობა ქადაგებს, როცა ჩვენი ბიჭების ცხედრები ეყარა ცხინვალში  და თბილისში გამარჯვებას ზეიმობდნენ. ჩვენ საქმით უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და უარი არ უნდა ვთქვათ საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებაზე.

დიპლომატიური ქაჯობა ვუწოდე ამას, იმიტომ რომ გენერალური ასამბლეის წევრია ქვეყანა და არა გავრილოვი. დელეგაციებში კი ვინ იქნებიან წყვეტენ სახელმწიფოები და არა ათენი, გენერალური სამდივნოს სახით ან თბილისი მასპინძლის სახით. არ არსებობს დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა არ აქვს მიცემული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისთვის და ამ ლოგიკით, არავინ არაა შემოსაშვები საქართველოში" - აცხადებს ქუცნაშვილი. 

 

დღის ამბები