26 აპრილი 2024,   05:40
ვრცლად
ბუნებრივია, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იქ უნდა ყოფილიყო და ეს მე არანაირ კითხვებს არ მიჩენს - გიორგი კახიანი

„ბუნებრივია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი იქ უნდა ყოფილიყო და ეს მე არანაირ კითხვებს არ მიჩენს,“ - ეს განცხადება, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანმა გააკეთა.

გიორგი კახიანი დარბევის ღამეს სპეცრაზმთან სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის ყოფნას ეხმაურება და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

კახიანის შეფასებით, პარლამენტში შეჭრის მცდელობა იყო და სწორედ ჩუბინიძეს უნდა დაეცვა საკანონმდებლო ორგანო.

„ბატონი ანზორი, რამდენადაც მე ის კადრები მახსოვს, იმყოფებოდა პარლამენტის შენობაში, ის არის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი და ბუნებრივია, მისი ვალდებულება იყო, იქ ყოფილიყო. მე, მაგალითად, ძალიან მიკვირს, ეს კითხვა რატომ ჩნდება, მისი ვალდებულება არის, რომ იმყოფებოდეს იქ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სახელმწიფო ინსტიტუციაში შეჭრის მცდელობა. საუბარი იყო პარლამენტის შენობის დაცვაზე, გამომდინარე შედეგებით, რაც შეიძლება მოჰყოლოდა მომიტინგეების ნაწილის იქ შეჭრას, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას,“ - განაცხადა კახიანმა.

კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ანზორ ჩუბინიძე სპეცრაზმის უკან დგას და თავადაც უჭირავს ხელში ფარი, „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა. 

ჩუბინიძე არის ადამიანი, რომელიც პირადად იცავდა ბიძინა ივანიშვილს მაშინაც ვიდრე ის პოლიტიკაში მოვიდოდა. მას შემდეგ კი რაც ივანიშვილი ხელისუფლების უმაღლესი პირი გახდა ჩაიბარა მისი როგორც სახელმწიფო მოხელის დაცვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები