26 აპრილი 2024,   17:05
ვრცლად
"დაგვთვალეთ" - პარლამენტის წინ მდგომ აქციის თითოეულ მონაწილეს, საკუთარი ციფრი აქვს, გავრილოვის სისხლიანი ღამიდან, 1 თვე გავიდა

პროტესტის 31-ე დღე - ზუსტად ერთი თვის წინ, რუსთაველის გამზირზე, გავრილოვის ღამეს, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი აქცია, დამიზნებით ესროლა ახალგაზრდებს და დაასახიჩრა ისინი.

ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები ისევ აპროტესტებენ სისხლიან ღამეს და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. უკანასკნელი ერთი თვეა გაბრაზებული მოქალაქეები პასუხისმგებელი პირების დაკავებას, პირველ რიგში კი გახარიას გადადგომას, უწყვეტ რეჟიმში ითხოვენ.

„ერთი თვეა აქ ვართ, ერთი თვეა, ყველა ზღვარს გავიდნენ, ყველა ფსკერს ჩასცდნენ, ყველანაირი ამორალურობა გვანახეს და არ დაგვიტოვეს არანაირი სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ იქამდე, სანამ არ დადგება ჩვენი ქვეყნის უახლოესი მომავალი საპარლამენტო არჩევნები, არც მე პირადად, მთელი ჩემი ცოდნით, შესაძლებლობით, ყველა ჩემი კონტაქტით, ყველანაირი რესურსით და ყველა ის ჩემი კონტაქტი და მეგობარი თავიანთი მეგობრებით და რესურსით, აუცილებლად, ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ მოძალადე, მოღალატე ხელისუფლებისგან და მისი სატელიტებისგან არჩევნებზე ქვა ქვაზე არ დარჩეს, ამის პირობას გაძლევთ,“ - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ანა ჭარხალაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია არასდროს გახდება.

"ეს კარგად გაითავისეთ, რაც არ უნდა გადაკეტოთ "რუსთავი 2," თქვენ მიიღებთ, 30 და 50 "რუსთავი 2"-ს", - განაცხადა ჭარხალაშვილმა. 

დღევანდელ აქციაზე მოსახლეობა ბანერებით მივიდა, რომლებზეც რიცხვებია გამოსახული - ეს სიმბოლური ნიშანია მათი სიმრავლისა და პასუხი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტის წინ 200 კაცი დგას, ისიც ოპოზიციის მობილიზებული.

აქციაზე ასევე იმყოფება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. მან ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, რომ ხალხის რაოდენობის დათვლას თავი დაანებონ.

„მე მინდა მივმართო აგრეთვე, მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ერთ-ერთმა თქვენმა ლიდერმა, როგორც მითხრეს, დათვლა დაიწყო და 200 კაცზე მეტს ვეღარ კრიბავენო, აქ ხალხს არ კრიბავენ, აქ ხალხი იკრიბება. იკრიბება თავისუფალი ნების საფუძველზე, ნუ ზომავთ ასე, რომ ვიღაც ვიღაცას კრებს, არა, თავისუფალი ხალხი თვითონ იკრიბება და ნუ ზომავთ რაოდენობით, ეს არ არის მევახშის საზომი ამბავი. თავისუფალი ხალხის თავისუფალი შეკრება, სულ რომ მეათედი იყოს აქ, ბევრად უფრო მეტის გამკეთებელია, ვიდრე 100, 200 და 300 ათასი მოყვანილი და შეკრებილი სწორედ. მოდით და თქვენც ჩაერთეთ ამაში, მოდით და ნაწილი იყავით ახალი საქართველოს მშენებლობის, იმიტომ, რო აქ დაყენებული მოთხოვნები არის სამართლიანი და სამართლიანობის უკან, როდესაც 2 ადამიანი დგას, იცოდეთ, რომ ის სამართლიანობა ყოველთვის გაიმარჯვებს,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

დღის ამბები