16 ოქტომბერი 2019,   20:03
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" მოახერხა, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსეთს მიაბა - სამოქალაქო აქტივისტები პრემიერს პასუხობენ

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორები და სამოქალაქო აქტივისტები  პრემიერმინისტრის მიერ ლარის გაუფასურების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან. აქციის ორგანიზატორი ნოდარ რუხაძე ბახტაძის განცხადებას, რომლითაც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი ანტისაოკუპაციო მოძრაობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუკავშირა, აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ყველაფერი, რაც გავრილოვის ვიზიტს და საზოგადოებრივ პროტესტს უკავშირებდა, ხელისუფლების მიზეზით ხდება.

„თუ მამუკა ბახტაძე პირდაპირ ამბობს იმას, რომ ლარის გაუფასურება არის ანტისაოკუპაციო აქციების ბრალი, მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა, ვინ გამოიწვია, რომელმა პარტიამ, ან რომელმა მმართველმა ჯგუფმა გამოიწვია ეს ანტისაოკუპაციო მოძრაობა 20 ივნისის შემდეგ. ჩვენ შემოვიყვანეთ გავრილოვი პარლამენტში, საქართველოში? ლოგიკური ჯაჭვი უბრალოდ  ამ ყველაფრის არ იქმნება. მაშინ, როდესაც სტატისტიკური მონაცემები გვაქვს იმისა, რომ  როდიდან დაიწყო ლარმა გაუფასურება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იანვრიდან მოყოლებული რა სისწრაფით ახდენს გაუფასურებას ლარი, ამ ყველაფრის მიბმა და რუსული რიტორიკის გაგრძელება, თითქოს, ჩვენ ვართ ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორები და მონაწილეები ქვეყანაში დატრიალებული ყველანაირი უბედურების სათავეები, ეს არის ერთი დიდი აბსურდი,“- განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

სამოქალაქო აქტივისტი ანა ჭარხალაშვილი ეკონომიკური კრიზისის მიზეზებზე საუბრობს და ხელისუფლებას შეცდომებზე მიუთითებს. 

„ქართულმა ოცნებამ" გამოდის, რომ  მოახერხა ის, რომ სრულიად ეკონომიკა მიაბა რუსეთს, ანუ ჩვენ უკვე ნათლად გვყავს პრორუსული ხელისუფლება, რომლის ეკონომიკაც და პოლიტიკური დღის წესრიგიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ის პოლიტიკური კრიზისი და ეკონომიკური, საიდანაც ვერ გამოდიან, მხოლოდ და მხოლოდ არის მათი ბრალი და ისრების გადმოტანა სამოქალაქო საზოგადოებაზე და პოლიტიკურ ჯგუფებზე, რა თქმა უნდა, ეს მათ არ შერჩებათ, საზოგადოება ამას არ დაიჯერებს და ჯობია ეძებონ გამოსავალი,“- განაცხადა ჭარხალაშვილმა.  

ლარი დღეს კიდევ გაუფასურდა. ეროვნული ვალუტა გაუფსაურების ანტირეკორდებს ხსნის. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.9321 ლარი გახდა. ცვლილებამ 0.0150 შეადგინა. ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება 3.2637 ლარი გახდა. ცვლილებამ 0.0141 შეადგინა. 

დღის ამბები