02 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
გზის მშენებლობისას გაფლანგული მილიონები - საგამოძიებო მოქმედებების განახლების შემდეგ, ზურაბ ალავიძე პირველ კომენტარს აკეთებს 

ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მზად არის, გამოძიების კითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხოს. 

ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მასთან პროკურატურას კითხვები ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ამბობს, რომ ის ამ ეტაპზე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. 

რაც შეეხება ევროპის საინვესტიციო ბანკის დასკვნას, ალავიძე ამბობს რომ მას არ იცნობს.

„ერთი წლის წინ ვიყავი დაახლოებით და კითხვები ჰქონდათ და მივაწოდე ეს ინფომრაცია. დეტალებში არ შევალ, ამომწურავად გავეცი ყველაფერზე პასუხი, რაზეც კითხვები იყო და ეს იყო და ეს,"-განაცხადა ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა. 

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მას ბრალი წაუყენონ ანდა დააკავონ, ზურაბ ალავიძე პასუხობს:

„ვერ გეტყვით, მე არ მაქვს ეს ინფომრაცია, ეს უნდა შეეკითხოთ საგამოძიებო უწყებას. ალტკომთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები კარგად არ ვიცი, იმიტომ, რომ ჩემამდე მოხდა ეს ყველაფერი. ამიტომ რაზეც არ მაქვს ინფორმაცია და დეტალები არ ვიცი არ ვსაუბრობ შესაბამისად,“-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

Image result for ზურაბ ალავიძერაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის გამოყოფილ თანხებს, ალავიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულებაც მის მინისტრობამდე გაფორმდა.

„გარკვეული ინფორმაცია მაქვს მაგასთან დაკავშირებითაც. ეს კონტრაქტები სანამ მე მივედი სამინისტროში მანამდე იყო გაფორმებული და მიმდინარე სამუშაოები იყო. იქ უამრავი ნიუანსებია, დიდი სამინისტროა და ყოველდღიურ მუშაობაში ძალიან ბევრი ინფორმაციაა და ასე დეტალურად, ასე ზეპირად ვერ გაგცემთ პასუხს,“-ამბობს ალავიძე.

კითხვს - ჰქონდათ თუ არა გამომძიებლებს შეკითხვები ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, ალავიძე არ პასუხობს.

"კურიერის" ინფორმაციით, პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები განაახლა. საუბარია ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილზე და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრებზე დავით შავლიაშვილსა და ზურაბ ალავიძეზე, რომლებიც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა. ეს არის 710 მილიონიანი პროექტი და თანხა, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობისთვის ასესხა.

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურაც ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სწორედ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და სპეციალური დასკვნაც მოამზადეს. დასკვნაში გამოთქმულია ეჭვი, რომ ავტობანის მშენებლობის პროექტზე, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა გაფლანგეს ან მიითვისეს თანხები.

გარდა ამისა, პროკურატურა იძიებს უკრაინულ კომპანია „ალტკომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ 47 მილიონი გადაუხადა, თუმცა „ალტკომმა“ ვალდებულებები არ შეასრულა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები