02 მაისი 2024,   05:31
ვრცლად
ბოლოს შეიძლება ბერა დააპატიმროს თუ არ მოეწონა მისი რომელიმე, როგორც ის ამბობს კუპლეტი... ყველაფერი ფსიქიატრიულში დამთავრდება - ბერძენიშვილი ივანიშვილზე  

ბოლოს შეიძლება ბერა დააპატიმროს და არ მოეწონოს მისი რომელიმე, როგორც ის ამბობს კუპლეტი - ამ განცხადებით, "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და პროკურატურის მიერ აღძრული საქმე შეაფასა. 

ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ დაწყებული გამოძიება, ივანიშვილის პირადი შურისძიებაა, პროკურატურა კი მისი სურვილის შემსრულებელია. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენებით, საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა კარგავს იმიჯს და საბოლოო ჯამში საზოგადოება იძულებული გახდება, ევროპული ღირებულებების გადასარჩენად დაიწყოს ბრძოლა. 

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, პროცესები ისე ვითარდება, რომ საბოლოო დასასრული ფსიქიატრიული საავადმყოფოა. "რესუბლიკური" პარტიის ლიდერი, "ქართული ოცნების" ლიდერს "ჩარჩს" უწოდებს, რომელიც ფულისთვის დედას, შვილს და სამშობლოს დაუფიქრებლად გაყიდის. 

“ეს ყველაფერი დამთავრდება რომელიმე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, იმიტომ, რომ ამ სიგიჟის დონე შეუძლებელი ხდება უკვე. ბოლოს შეიძლება ბერა დააპატიმროს და არ მოეწონოს მისი რომელიმე, როგორც ის ამბობს კუპლეტი. ეს რა თქმა უნდა ავნებს საქართველოს იმიჯს. საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, ახლა განიცდის იმიჯის ნგრევას. იმიტომ, რომ ირკვევა, რომ სასამართლო არ არის, ირკვევა, რომ პროკურორი ადამიანი არ არის, ირკვევა, რომ საზოგადოებაც არ არის ისეთი ძლიერი როგორიც საჭიროა და ირკვევა, რომ მედიაზე ასეთი ტიპის შეტევა შეიძლება.

საბოლოო ჯამში საქართველო, ევროპული ღირებულებების გადასარჩენადაც დაიწყებს ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ. საქართველო ივანიშვილის გარეშე იქნება სხვა ქვეყანა და უნდა დავიმახსოვროთ, რომ მდიდარი ხალხი, განსაკუთრებით მდიდარი ხალხი, პოლიტიკაში არასოდეს არ უნდა მოვიყვანოთ იმის იმედით, რომ ის მდიდარია და მეტს აღარ მოიპარავს. თქვენ ახსენეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსიაო, ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა და ვერ იქნება პოლიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილი არის ჩარჩი, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით. სოვდაგარიც კი არ არის და მართლა მილიარდერი კი არ არის, არის ჩვეულებრივი ჩარჩი, კარგად აღწერილი მე-19 საუკუნის ისტორიაში. ეს არის კაპიკის გამო ადამიანის და დედის და შვილის და სამშობლოს გამყიდველი კაცი. ამიტომ მისგან პოლიტიკოსობა გამორიცხულია,“- ამბობს ბერძენიშვილი.   

გუშინ, გვიან ღამით, ნიკა გვარამიას 40 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა და პროკურატურის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები