26 აპრილი 2024,   05:38
ვრცლად
სასტიკი მვკლელობა ყანდაურაში - ომარ გამყრელიძეს შესაძლოა ბრალი კიდევ უფრო შეუმსუბუქდეს

მკვლელობა ყანდაურაში - 85 წლის ომარ გამყრელიძეს, რომელსაც პროკურატურა 5 ადამიანის მკვლელობაში დახმარებას ედავებოდა, შესაძლოა ბრალი კიდევ უფრო შეუმსუბუქდეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გამყრელიძეს არა 5, არამედ 1 ადამიანის მკვლელობაში დახმარებას ედავებიან. რაც შეეხება დანარჩენ 4  მოკლულს, ჯერჯერობით მათ შესახებ საქმის მასალებში არანაირი ინფორმაცია არ დევს.

საქმეში ასევე წერია, რომ სისხლიანი ტრაგედიის მიზეზი, ომარ გამყრელიძის შვილის, ნოდარ გამყრელიძის დედასთან ანგარიშსწორება გახდა. ომარ გამყრელიძის ადვოკატი, გილერი ენდელაძე ამტკიცებს, რომ საქმეში არც ომარ გამყრელიძის და არც მისი ვაჟის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„ბრალდების აზრით, ნოდარ გამყრელიძე დაეხმარა ომარ გამყრელიძე საკუთარი დედის მკვლელობაში, თუმცა მოტივი დაუდგენელია, ვინაიდან არანაირი მტკიცებულება არც ნოდარ გამყრელიძის, არც ომარ გამყრელიძის წინააღმდეგ არ არსებობს. არსებობს ტყვია, რომელიც ამოღებულია გარდაცვლილი ელიზა გამყრელიძის თავის ქალიდან და ექსპერტიზის დასკვნა არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომელიც გვეუბნება, რომ ვერ მოხდება იდენტიფიკაცია თუ რომელი იარაღიდან მოხდა ამ ტყვიის გასროლა. დანარჩენი 4 ადამიანის მკვლელობაზე ჯერჯერობით ბრალდებული არ ჰყავთ,“- განაცხადა ომარ გამყრელიძის ადვოკატმა.

თავდაპირველად ომარ გამყრელიძეს გამოძიება 5 ადამიანის მკვლელობას ედავებოდა, თუმცა „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ, ბრალი გადაკვალიფიცირდა და  მას მკვლელობის ნაცვლად, ბრალი მკვლელობაში დახმარებისთვის დაედო.

საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში დღეს დაიწყება.

დღის ამბები