26 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტიდან 11 წლის შემდეგ

დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტიდან 11 წლის შემდეგ  საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. პირველი კონტაქტი ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში,  შვეიცარიის შუამავლობით შედგა.

ზალკანიანი - ლავროვის შეხვედრას წინ უძღოდა რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეაქცია ექნებოდა რუსეთს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში და როდისაა მოსალოდნელი რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მინისტრების შეხვედრის ძირითადი თემა ოკუპაცია იყო:

„ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია, დეესკალაცია, ბევრი პრობლემური საკითხი ჟენევასთან რაც არის დაკავშირებული, ბუნებრივია ჩვენ ამის შესახებ პარტნიორებთან ერთად გადავწყვეტთ რა უნდა გავაკეთოთ სიტუაციის დეესკალაციისკენ“- განაცხადა ზალკალიანმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელს. „კურიერი“ ლავროვის უწყების პრეს-სპიკერსაც დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში განაცხადა,  რომ შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრებენ და თუ გადაწყვეტენ რამის თქმას, ამას თავად ლავროვი გააკეთებს და ისიც ოფიციალური პრესკონფერენციისას.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეფასებით, ეს შეხვედრა დიპლომატიური გარღვევა არ არის, თუმცა აუცილებელი იყო იმ ვითარების განსამუხტად, რომელიც ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან შეიქმნა.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმდენად მოულოდნელი იყო ოპოზიციისთვის, რომ მათ ნაწილს ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრის შინაარსზე გარკვეული ეჭვები გაუჩინა. ნაციონალური მოძრაობა შეხვედრის დეტალებზე სასაუბროდ ზალკალიანს პარლამენტში დაიბარებს. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კი პირველი დიპლომატების შეხვედრას საფრთხის შემცველს უწოდებს.

ოპოზიციის მოსაზრებას არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში.

საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ამჟამად კი საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხევდრაზე საუბრის მთვარი თემა წინასწარ მკაცრად უნდა ყოფილიყო გაწერილი.

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბოლოს პირისპირ ერთმანეთს 2007 წლის 30 ნოემბერს, მადრიდში შეხვდნენ, გელა ბეჟუაშვილისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მაშინაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონები იყო, ვითარება არც 12 წლის შემდეგ შეცვლილა, ერთი განსხვავებით, ახლა იგივე სერგეი ლავროვთან, ოღონდ ამჯერად დავით ზალკალიანს კვლავ ქვეყნის დეოკუპაციაზე ოღონდ მის უფრო დიდ ნაწილზე უწევს საუბარი.

დღის ამბები