04 მაისი 2024,   15:39
ვრცლად
"ცხინვალელი მონაწილეები კვლავ არ აღმოჩნდნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისათვის" - ერგნეთის მორიგი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში გუშინ საქართველოს ცეტრალური ხელისუფლების წარმომადგენელსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შორის ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ანთაძის თქმით, ტექნიკურ შეხვედრაზე შედგა აზრთა გაცვლა, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით:

"ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია აღნიშნულის თაობაზე, სამწუხაროდ ცხინვალელი მონაწილეები კვლავ არ აღმოჩნდნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისათვის. კერძოდ, ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ წაღვლი-ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში შეწყდეს ყოველგვარი უკანონო აქტივობა, რაც წარმოადგენს ადგილზე დაძაბული სიტუაციის განმაპირობებელ ფაქტორს, მათ საპირისპიროდ გააჟღერეს უკვე არაერთგზის დეკლარირებული პოზიცია, რომ ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო უნდა მოიხსნას, რაც როგორც მოგეხსენებათ არის მიუღებელი,"- აღნიშნა ანთაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხზე დისკუსიები  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე გაგრძელდება,  რომელიც  მომავალ კვირას გაიმართება. ანთაძის განცხადებით, შეხვედრის ყველა მონაწილემ გამოთქვა მზად ყოფნა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება.

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, ერთადერთი წინაპირობა იმისა, რომ  ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს არის ის,რომ ჩორჩანას მიმდებარე  ტერიტორია გაიწმინდოს ყოველგვარი უკანონო ინსტალაციებისგან და მიეცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ადგილზე სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას კი ქართული პოლიცია უზრუნველყოფს.

როგორც ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ,  ე.წ გამშვები პუნქტების ჩაკეტვასაც. მისი თქმით, პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით, პასუხი ვერ იქნა მიღებული:

"დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა გამშვები პუნქტების დაკეტვა თავადვე დაუკავშირეს ჩორჩანაში მიმდინარე პროცესებს. ამ შემთხვევაშიც დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, რომ გამშვები პუნქტების ფუნქციონირება უკავშირდება ჰუმანიტარულ საკითხს და ემსახურება იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს ნორმალური ცხოვრების საშუალება. სამწუხაროდ გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით პასუხი კვლავაც არ იქნა მიღებული. მთავარია ერთი რამ, არ შეიძლება პოზიციათა სხვადასხვაობა დაუკავშირო ჰუმანიტარულ საკითხებს, რომელიც პირდაპირ ეხება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოსახლეობის ბედს და ფუნდამენტურ უფლებებს,"- აღნიშნა ანთაძემ.

ანთაძის თქმით, დღეს 2 ოქტომბერს ერგნეთში მორიგი შეხვედრა იყო ჩანიშნული, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მასში მონაწილებაზე უარი განაცხადეს. როგორც ანთაძემ აღნიშნა  მნიშვნელოვანია რომ აღდგეს IPRM-ის  ფორმატში შეხვედრები, რადგან ამ შეხვედრებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის  მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული თუ სხვა საკითხები განიხილება.

დღის ამბები