02 მაისი 2024,   01:21
ვრცლად
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ჩავარდნილი ტენდერები - თელავის ბიუჯეტიდან 700 000 ლარზე მეტი შესაძლოა აუთვისებელი დარჩეს

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ადგილობრივები ამბობენ, რომ სისტემა ჭარბ ნალექს ვერ ატარებს და სახლები იტბორება. უამინდობის დროს შეუძლებელი ხდება საავტომობილო მოძრაობაც.

რუსთაველის ქუჩის გარდა, ჭარბი ნალექი ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობასაც აწუხებს, სადაც სანიაღვრე არხები საერთოდ არ არსებობს.

თელავში სანიაღვრე არხების მოწყობისთვის 2019 წლის ბიუჯეტში 104 ათასი ლარია გამოყოფილი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდინარე წელს ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ორჯერვე ჩაიშალა, რადგან სატენდერო ვადა ისე დასრულდა, რომ არც ერთმა კომპანიამ მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ტენდერის ჩაშლის მიზეზი ბიუჯეტიდან გამოყოფილი არასაკმარისი თანხებია.

სანიაღვრე არხების მოწესრიგების გარდა, თელავში ნადიკვრის პარკის ტერასებისა და ფანჩატურების მოწყობის სამუშაოებისთვის გამოცხადებული ტენდერიც სამჯერ ჩავარდა. თელავის მერიაში ტენდერების ჩაშლის მიზეზად რეგიონში კომპეტენტური კომპანიების არარსებობას ასახელებენ.

კიდევ ერთი ტენდერი, რომელიც წელს თელავში ვერ შედგა, ღია სატრენაჟორო სივრცის მოწყობა იყო, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 400 000 ლარამდეა გამოყოფილი. მერია ტენდერების გამოცხადებას ხელახლა გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ მსურველი კომპანიები ისევ არ გამოჩნდა, თელავის ბიუჯეტიდან 700 000 ლარზე მეტი წელს აუთვისებელი დარჩება.

ავტორი:რომან ქევხიშვილი

დღის ამბები