02 მაისი 2024,   02:04
ვრცლად
საბავშვო პროდუქტი რომელიც კიბოს იწვევს - "ჯონსონს ბეიბის" ტალკში სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება აღმოაჩინეს

სიცოცხლისთვის საშიში საბავშვო ჰიგიენა - "ჯონსონს ბეიბის" საბავშვო ტალკში აზბესტი აღმოაჩინეს, საშიში ნივთიერება, რომელიც კიბოს იწვევს. ამერიკულმა კომპანიამ 33 ათასი პროდუქტი გაყიდვიდან ამოიღო, თუმცა ქართულ ბაზარზე მოვლის ეს საშუალება მაინც იყიდება. არც ექიმებს, არც ფარმაცევტებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არც მშობლებს, ჯერჯერობით არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ. ჯონსონის წარმომადგენლობა საქართველოში ირწმუნება, რომ ქვეყანაში შემოტანილი პროდუქტი საფრთხის შემცველი არ არის.

შიში მშობლებში მას შემდეგ გაჩნდა რაც გაიგეს, რომ პოპულარულ ჰიგიენურ საშუალებაში სახიფათო ნივთიერება აზბესტის მინარევი აღმოჩნდა. საუბარია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ საბავშვო ფირმის - "ჯონსონს ბეიბის" პუდრზე. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია პროდუქციის ერთ-ერთ პარტიაში სიცოცხლისთვის საშიში მინარევის აღმოჩენის შესახებ, თავად კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, ჯერ არცერთ სამედიცინო დაწესებულებას და სააფთიაქო ქსელს ოფიციალური გაფრთხილება არ მიუღია.

ინფორმაციის გადამოწმება "ჯონსონის" ოფიციალური ვებ გვერდიდან ვერ ხერხდება. ქართული წარმომადგენლობის ოფისი "კურიერს" სამუშაო საათებში დაკეტილი დახვდა. მათმა თანამშრომელმა ტელეფონით რუსულ განყოფილებასთან გადაგვამისამართა, საიდანაც "კურიერს" განცხადებით უპასუხეს. კომპანია მომხდარს არ უარყოფს და განმარტავს, რომ შეერთებულ შტატებში ინტერნეტმაღაზიაში ნაყიდი პროდუქციის შემოწმების შემდეგ საბავშვო პუდრში მცირე რაოდენობით აზბესტის მინარევი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც კომპანიას წარმოებიდან მთლიანი პარტიის ამოღება მოუხდა.

პროდუქციაში აზბესტის მინარევის აღმოჩენის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე. მადონა კოიძის განმარტებით, მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით ქვეყანაში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც მსგავსი გადაცდომების დროს კონკრეტულ პროდუქციას გამოითხოვს.

აზბესტის შემადგენლობაზე საუბრობენ ტოქსიკოლოგებიც და ამბობენ, რომ ნივთიერება ბავშვებში მძიმე დაავადებების გაჩენის შანსს საგრძნობლად ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო პროდუქციაში აზბესტის მინარევი აღმოჩნდა, "ჯონსონ ბეიბის" სიცოცხლისთცის საშიში პუდრი კვლავ აქტიურ გაყიდვაშია. უცნობია ისიც, ამ კომპანიის ნაწარმის გაყიდვიდან ამოღება და ლაბორატორიული შემოწმება როდის მოხდება. საქართველოსგან განსხვავებით, შეერთებულ შტატებში კომპანია და სანიტარული სამსახური პროდუქტში აზბესტის მინარევის აღმოჩენის ფაქტს ერთდროულად იძიებენ.

დღის ამბები