18 ნოემბერი 2019,   17:28
ვრცლად
რუსული კვალი ეკლესიის სკანდალში - საქმეში ყოფილი ჩინოვნიკი ფიგურირებს

სემინარიის ყოფილ სტუდენტს კახა კალაძეს, რომლის მიმართ ძალადობის მცდელობაში წილკნისა და დუშეთის სამთავროს ეპისკოპოსს მეუფე ზოსიმეს საფრანგეთში მოღვაწე მღვდელი მამა გიორგი სხილაძე ადანაშაულებს, აშანტაჟებენ. ამის შესახებ "კურიერთან" დღეს მისმა მეგობარმა და ეროვნული მოძრაობის ყოფილმა წევრმა თემურ კუპატაძემ ისაუბრა.

თემურ კუპატაძე არ აკონკრეტებს, ვინ არის რუსეთში მოღვაწე ყოფილი ჩინოვნიკი, რომელიც საპატრიარქოს ახალ სკანდალში გარეულ პირს ემუქრება. თემურ კუპატაძე ამტკიცებს, რომ პირი მოსკოვიდან სტრასბურგში სპეციალურად კალაძესთან ჩავიდა და აიძულებს, რომ 31 წლის წინ მომხდარ საკითხზე ღიად ილაპარაკოს. კალაძის მეგობარი განვითარებულ მოვლენებში ქართული ეკლესიის წინააღმდეგ რუსულ ინტერესებს ხედავს.

მამა გიორგი სხილაძემ საქართველო დატოვა და საფრანგეთში მეუღლესთან ერთად გაემგზავრა. ყოფილი სემინარიელი ამტკიცებს, რომ მუქარის შესახებ შეტყობინებები მიიღო. მისი თქმით, მას სიცოცხლით მოსპობითაც ემუქრებოდნენ. მან, მეუფე ზოსიმეს შემდეგ, დღეს ქაშუეთის ეკლესიის ერთ-ერთი სასულიერო პირი პედოფილიაში დაადანაშაულა. ასევე, აღნიშნა, რომ პატრიარქს 80-მდე საქმე გადაეგზავნა, სადაც სასულიერო პირების მხრიდან ჩადენილ კრიმინალურ დანაშაულებზე იყო საუბარი.

მამა გიორგი სხილაძის დასახელებული ფაქტი ქაშუეთის ეკლესიაში 30 წლის წინ მოხდა. მაშინ ამ ეკლესიაში უკვე მსახურობდა დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი, რომელმაც მომხდარი დღეს ჟურნალისტებთან ვერ გაიხსენა, თუმცა ამბობს, რომ მამათმავლობის, მრუშობისა და ნარკოდანაშაულის გამო სასულიერო პირები ეკლესიიდან მონასტერში ხშირად გაუმწესებიათ. 

დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი იხსენებს, როგორ დასაჯეს წლების წინ ქუთათელ-გაენათელის ეპისკოპოსი ნიკოლოზი და ჭყონდიდის ეპისკოპოსი იოანე მამათმავლობის გამო. თუმცა ამბობს, რომ სასულიერო პირების განკვეთა არ მომხდარა და ისინი მონასტერში გაამწესეს. დეკანოზმა გაიხსენა ისიც, რომ მამათმავლობის გამო მღვდელმსახურება შეუჩერეს ერთ-ერთ არქიმანდრიტს. დეკანოზის მტკიცებით, სოდომის ცოდვას აბრალებდნენ პატრიარქობის მაშინდელ მსურველს გაიოზ კერატიშვილს, რომელიც შემდეგ ქურდობის ბრალდებით რამდენიმე წელი პატიმრობაში იყო.

სასულიერო პირების მიერ ჩადენილ კრიმინალურ დანაშაულებებზე დღეს ღიად ისაუბრა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ. მისი მტკიცებით, მამათმავლობის, მრუშობისა და  ნარკოდანაშაულებრივი ქმედებების გამო, ბოლო 6 წელიწადში 30 სასულიერო პირი განიკვეთა. ისინი, ვისაც მძიმე დანაშაული ჩადენილი არ ჰქონდა, საპატრიარქომ ცოდვების მონანიების მიზნით მონასტერში გაუშვა. შალვა კეკელია ამბობს, რომ დანაშაულის შემთხვევებში საპატრიარქო სწრაფად რეაგირებს. ნარკოდანაშაულების ფაქტები კარგად ახსოვს სვეტიცხოვლის წინამძღვარსაც, თუმცა, სხვა სასულიერო პირების მსგავსად, პედოფილიის შემთხვევებს დეკანოზი სერაფიტე ვერ იხსენებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულების შემთხვევაში ძალოვანი უწყებები წინასწარ ატყობინებენ საპატრიარქოს სასულიერო პირის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, საპატრიარქო კი ვალდებულია, დანაშაულებრივ ქმედებაზე ზნეობის კომისიაში იმსჯელოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები