26 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღეს სრულდება

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა სრულდება. დღეს კანონმდებლების წინაშე ბოლო, რიგით მეოცე კანდიდატი გოჩა ჯეირანაშვილი წარსდგება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესთან მთავარი კითხვები ამჯერადაც მის განათლებას და კეთილსინდისიერებას შეეხება. ოპოზიცია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ისინი იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების მხარდაჭერას არ აპირებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგო რატიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ლობირებული მოსამართლეები ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ.

"არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში მათი კომპეტენცია ჩვეულებრივი მოსამართლის დონესაც კი არ აკმაყოფილებს, არათუ უზენაესი სასამართლოს," - განაცხადა სერგო რატიანმა.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის დასრულების შემდგომ, ანრი ოხანაშვილი, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის და უფრაქციო პარლამენტის წევრებთან კონსულტაციებს გეგმავს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მომდევნო კვირას, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას აანონსებს.

დღის ამბები