02 მაისი 2024,   01:15
ვრცლად
საპროტესტო აქცია 24 საათიან რეჟიმში გრძელდება

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს. აქციის მონაწილეები სასურველი შედეგის დადგომამდე დაშლას არ აპირებენ.

ყველა, ვინც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა, გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა და სამმა ძირითადმა მოთხოვნამ გააერთიანა.

აქციაზე შეკრებას მონაწილეები 7 საათიდან დაიწყებენ, იქ ელოდებიან პოლიტიკურ ლიდერებს და სამოქალაქო აქტივისტებს. 

აქციის ორგანიზატორებმა გასათბობად შეშა და კასრები მიიტანეს, რათა აქციაზე მყოფი ხალხი სიცივეს მარტივად გაუმკლავდეს.

ორგანიზატორების თქმით, ეს არის შემოწირულობა და საზოგადოებას სურვილის შემთხვევაში შეუძლია, აქციის მონაწილეებს საჭირო ნივთები მიაწოდონ.

გზის გახსნის ან კარვების აღების მცდელობა პოლიციას დღეს არ ჰქონია.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნოდარ რუხაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ჩატარებულ არჩევნებს არავინ ენდობა.

"ჩვენი გეგმა რეალურად არის უცვლელი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აღარ ვესაუბრებით. ჩვენ ვესაუბრებით ქართველ ხალხს და ჩვენს გვაქვს გეგმა, რომელიც გუშინ სამ ძირითად მიზანში გამოვხატეთ. ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს აღარ ვენდობით და არც მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს," - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

აქციის მონაწილე თამთა გოგოლაძე აღნიშნავს, რომ დღის მანძილზე აქციას უამრავი ადამიანი შეუერთდა. 

"გადასულები ვართ 24 საათიან რეჟიმზე. წუხანდელმა ღამემ კარგად და მშვიდობიანად ჩაიარა. დღეს კიდევ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება, დაემატება კიდევ ბევრი კარავი, შეშა მოვიმარაგეთ, ცხელი ყავა და ჩაი, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ გამოვიდნენ და შემოგვიერთდნენ, კვირას კი ფართომაშტაბიანი აქცია გვექნება," - განაცხადა თამთა გოგოლაძემ.

 

დღის ამბები