26 აპრილი 2024,   17:02
ვრცლად
კიდევ ერთი უტიფარი სიცრუე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება - ბოკერია "ოცნების" მიერ "გერმანული მოდელის" დაწუნებაზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, გაუგებარია რა არგუმენტით უარყოფს ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ "გერმანულ მოდელს" სახელისუფლებო გუნდი და რა მიზეზით აცხადებს, რომ ის საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ბოკერია "ქართული ოცნებისგან" კონკრეტულ პასუხებს ითხოვს:

"კიდევ ერთი უტიფარი სიცრუე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. გვითხრან რაში ეწინააღმდეგება. ის მოდელი, რომელიც შეთავაზებულია, მორგებულია ჩვენს კონსტიტუციას. გერმანიაში არ არის ფიქსირებული რაოდენობა, ჩვენთან არის - თუ ამ დეტალს გულისხმობენ, მაგრამ ამასაც არ იძახიან. ვთხოვ ყველას, ბატონ ვოლსკის და ამ ბრძენ, დამოუკიდებელ და მძლავრ პოლიტიკოსებს, ივანიშვილს რომ აუჯანყდნენ მათ შორის იმათ, ჰკითხონ რას გულისხმობენ კერძოდ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გერმანულ მოდელზე ოპოზიცია მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მისივე ინიცირებული კანონპროექტი კენჭისყრაზე ჩააგდო. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო ზაფხულში რუსთაველზე გამართული ფართომასშტაბიანი აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. ხელისუფლებამ მაშინ ამ მოთხოვნის შესრულებას დათანხმდა და ეს ცვლილება დემოკრატიის გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა, თუმცა რამდენიმე თვეში "ურჩი" მაჟორიტარების წინააღმდეგობის გამო, ეს კანონპროექტი კენჭისყრაზე ჩავარდა.

გერმანული მოდელი გულისხმობს შერეული ტიპის საარჩევნო სისტემას, რომელშიც  დაცულია პროპორციულობის პრინციპი და  ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტი ვერ მიიღებს იმაზე მეტ მანდატს, რაც მას მიღებული ხმების პროპორციულად ეკუთვნის.  არჩევნები ტარდება არსებულ მაჟორიტარულ ოლქებში და გამარჯვებული კანდიდატი უპირობოდ იღებს მანდატს, მიუხედავად მისი წარმდგენი პარტიის მიერ ნაჩვენები საერთო შედეგისა.

დღის ამბები