04 მაისი 2024,   12:01
ვრცლად
პრეზიდენტმა შეწყალების ახალ წესთან დაკავშირებით მმართველი გუნდის რეკომენდაციები გაითვალისწინა - ანრი ოხანაშვილი 

მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, ის რეკომენდაციები, რომლებიც მათ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების ახალ წესთან დაკავშირებით გაუგზავნეს, გათვალისწინებულია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მათი პოზიცია იყო თითოეული პატიმრის საქმე ინდივიდუალურად და სათანადოდ ყოფილიყო შესწავლილი.

ოხანაშვილის განმარტებით, რეკომენდაციებში გაწერილი იყო ისეთი საქმეებიც, რომელთა განხილვა, ფაქტობრივად, არ უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში. საუბარია პოლიციელის მკვლელობაზე, ასევე ორსული ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე და ა.შ. 

"გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, საშიშროება, როგორი საშიშროებით ხასიათდებოდა კონკრეტული პირი. ჩვენი პოზიცია იყო ის, რომ თუ დანაშაული განხორციელებული იყო ორსული ქალის მიმართ, შშმ-პირთან დაკავშირებით, თუ იყო მკვლელობა პოლიციელის და ა.შ. ასეთი პირების მიერ ჩადენილი მკვლელობის შემთხვევაში, მათი შეწყალება თითქმის უნდა გამორიცხულიყო, ასევე საუბარი იყო მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც ჩვენ რეკომენდაციის სახით წარვუდგინეთ საქართველოს პრეზიდენტს," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პრეზიდენტმა შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. ახალი წესის თანახმად, დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

კონკრეტულად რას გულისხმობს ახალი წესი, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე დაკონკრეტებული არ არის, რის მიხედვით შეიწყალებს პრეზიდენტი პატიმრებს.

ამ დროისთვის, კონკრეტული ბრძანებულება ჯერ გამოქვეყნებული არ არის. შესაბამისად, უცნობია, როდის აპირებს პრეზიდენტი მორატორიუმის გაუქმებას და ასევე, როდის შეიწყალებს ის პატიმრებს. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, შეწყალების აქტი ჰუმანურ მიდგომას დაეფუძნება. 

 

 

დღის ამბები