10 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
კუნძული, სადაც ათასობით ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს - ლესბოსი ლტოლვილებს ვეღარ იტევს

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსს თავს ათასობით ლტოლვილი აფარებს. "ფრანს პრესი“ წერს, რომ კუნძულზე ცხოვრებისთვის უმძიმესი პირობებია - ლტოლვილები ცდილობენ, გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად საკმარისი შეშა მოაგროვონ. მორიას ბანაკში არ არის ელექტროენერგია, ოჯახები კარვებში ცხოვრობენ.

"ზამთარი დაიწყო და ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა. წვიმს, კარვები წყალს ვერ აკავებს. ძალიან ცივა," - ამბობს სალიმი, 22 წლის ერაყელი ლტოლვილი.

ბანაკს, რომელიც 3 ათას ადამიანზეა გათვლილი, თავს 18 ათასი ლტოლვილი აფარებს. მხოლოდ ნოემბერში ლესბოსზე თურქეთის სანაპიროდან თავშესაფრის 3900 მაძიებელი ჩავიდა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, მორიას ბანაკში სულ მცირე 1200 ბავშვია, რომლებსაც თანხმლები უფროსი არ ჰყავთ. არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, სასწრაფოდ გადაიყვანონ ბავშვები კუნძულიდან და ცხოვრების ნორმალური პირობები შეუქმნან.

"ბავშვები, რომლებსაც მშობლები არ ჰყავთ, ძალადობის მსხვერპლი უფრო ხშირად ხდებიან. რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ გამოსავალი მათ დასახმარებლად,“ - განაცხადა ბანაკის მონახულების შემდეგ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ.

მორიას ბანაკში მცხოვრებთათვის ევროპის ქვეყნების საზღვრები დაკეტილია. მათ იმედი აქვთ, რომ შეძლებენ, კონტინენტურ საბერძნეთში გადასახლდნენ, სადაც ცხოვრებისთვის უკეთესი პირობები ექნებათ.

დღის ამბები