26 აპრილი 2024,   16:13
ვრცლად
პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე უკეთ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს - რატი იონათამიშვილი

"ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი "ამბოხებული მაჟორიტარების" მიერ ინიცირებულ საარჩევნო სისტემის მოდელს არ ემხრობა.

იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის გამოწვევებს პროპორციული საარჩევნო სისტემის მოდელი ყველაზე უკეთ ერგება. 

"ის საარჩევნო სისტემა, რომელიც 2024 წელს უნდა ამოქმედდეს ჩვენს ქვეყანაში და რაც არის ჩვენი კონსტიტუციით დღეს მოცემული, ყველაზე მეტად შეესაბამება იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და მე ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერი ვრჩები. მათ აქვთ უფლება, ცხადია, დაარეგისტრირონ საინიციატივო ჯგუფი, ჰქონდეთ ამაზე დისკუსია, ეს მათი ნებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაა,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც ერთ-ერთია იმ "ამბოხებული მაჟორიტარებიდან", ვინც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო, სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. ხუნდაძის ინიციატივამ პარლამენტში 10 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები