26 აპრილი 2024,   06:40
ვრცლად
ეკა ბესელიას 7-პუნქტიანი გეგმა და სასამართლო სისტემაში განსახორციელებელი ცვლილებები

ეკა ბესელიამ სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ 7-პუნქტიან გეგმაზე ისაუბრა - დეპუტატი აცხადებს, რომ მომავალ კვირას პარლამენტში კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის საბჭოს კანდიდატთა სიის დაკომპლექტების შესაძლებლობა არ ექნება. 

ბესელიას მიერ წარმოდგენილი გეგმის ერთ-ერთი პუნქტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის წესდების გაუქმებას გულისხმობს - ბესელია ყველა ოპოზიციურ პარტიას წერილობითი მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში შევა ცვლილება და მოსამართლეთა უვადოდ არჩევა გაუქმდება.

"ახლა საჭიროა შეჩერდეს პროცესი დამატებით ახალი მოსამართლეების არჩევის, როგორც იუსტიციის საბჭოში, ასევე პარლამენტის იურიდიულ კომიტეტშიც და პარლამენტშიც.

მათ აღარ აქვთ არგუმენტი, რომ სასამართლო ვერ იფუნქციონირებს და ვითარება, როდესაც პროცედურა ყველამ გააკრიტიკა, ნიშნავს, რომ ახალ პოზიციებზე და ვაკანსიებზე ახალი კანდიდატები აღარ უნდა განვიხილოთ.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაჩეროს ნორმა, რომელიც გასაჩივრებული აქვს სახალხო დამცველს და ამ ნორმის საფუძველზე ხდება შერჩევა ახალი მოსამართლეების. საბოლოო გადაწყვეტილებამდე ამით ხელი უნდა შეეშალოს იუსტიციის საბჭოსაც და პარლამენტს, რომ ამ საზიანო, არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური პროცედურით არ მოხდეს ახალი კანდიდატების არჩევა," - ამბობს ბესელია.

დამოუკიდებელი დეპუტატის გეგმის მესამე პუნტქი სწორედ კანონპროექტის წარდგენას ითვალისიწინებს. პროექტი, მისი თქმით, ასახავს ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის, ევროსაბჭოს მომხსენებლების რეკომენდაციებს. 

"ამ რეკომენდაციების მიზანია, იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდეს ამ კანდიდატთა სიის დაკომპლექტების შესაძლებლობა, რადგან დაწუნებული, ჩავარდნილი კანდიდატების ნაცვლად, ახლა საბჭო დაიწყებს იმ დარჩენილი კანდიდატებიდან მათი პირადი ინტერესებით შერჩეული ადამიანების წარმოდგენას. ამიტომ, საჭიროაკანონში ცვლილების დაუყოვნებლივ შეტანა," - განაცხადა დეპუტატმა. 

ამასთან, ის მიმართავს პარლამენტს, რეზოლუცია, რომელიც უკვე არის დღის წესრიგში "კლანური მმართველობის" შესახებ და კონკრეტულ გეგმას ისახავს, კენჭი უყარონ და გადაწყვეტილება მიიღონ. 

"მეხუთე, უნდა ჩატარდეს კენჭისყრა. კენჭისყრაზეა გაჩერებული იუსტიციის საბჭოს წევრების გამოწვევის საკითხი და ამ საკითხზე პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რითიც საბჭოს აღარ ექნება შესაძლებლობა კვორუმის მობილიზების და მისთვის სასურველი და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღების.

მეექვსე - ეს არის მომავლის გეგმა და შეთავაზება. ყველა ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობ და დავიწყებ დიალოგს უსწრაფესად ამ საკითხზე, რათა წერილობით გაფორმდეს მემორანდუმი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერთან, რომელიც ფიქრობს, რომ მისი პარტია იქნება ახალ პარლამენტში წარმოდგენილი და ყველა, ვინც კი შეიძლება იყოს ახალ პარლამენტში, როგორც უკვე პარლამენტის არჩევნების შედეგად შემოსული, გაფორმდეს შეთანხმება, რომლითაც ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას საზოგადოების, ხალხის წინაშე, რომ კონსტიტუციაში შევა ცვლილება და გაუქმდება მოსამართლეთა უვადოდ არჩევა. დადგინდება მოსამართლეთა ვადიანი გამწესების წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ კითხვაზე, რა ვუყოთ იმათ, ვინც უკვე არჩეულია, კონსტიტუციით და კანონის პროცედურებით მოხდება იმ მოსამართლეების სახლში გაშვება, ვინც ვერ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების და მიუკერძოებლობის, რეპუტაციის ტესტს. ამიტომ აქ გამოსავალი არის კონსტიტუციური ცვლილება, რომელზედაც შეთანხმება ჩვენ ყველამ უნდა ავიღოთ არჩევნების წინ იმისთვის, რომ ეს პირობა შესრულდეს.

და მეშვიდე, ამ ცვლილებით მოხდება როგორც უვადო მოსამართლეთა არჩევის წესის გაუქმება და ყველა ვადიანზე გადაყვანა. ხოლო იმ ვადაში, ვისაც უკვე დასრულებული აქვს და თითქმის ყველას დასრულებული ექნება იმ ვადაში სამოსამართლეო პრაქტიკა და ეს მოსამართლეები, რომელთაც რეპუტაცია არ აქვთ - წავლენ სახლში და სისტემაში შემოვლენ ახალი მოსამართლეები. შეიცვლება იუსტიციის საბჭოს ფორმირებისა და კენჭისყრის წესი," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

დღის ამბები