25 იანვარი 2020,   22:02
ვრცლად
დაუდგენელი ნივთიერება პარლამენტში - ოპოზიციისა და მოძრაობა "სირცხვილიასთვის" მუხლის კვალიფიკაცია მიუღებელია

პარლამენტში დაუდგენელი ნივთიერების გამოყენების გამო ენძელა მაჭავარიანი დღეს ისევ ცუდად გახდა. მას სხდომის დატოვება და სამედიცინო დახმარება კიდევ ერთხელ დასჭირდა. დეპუტატის გარდა, შეუძლოდ გახდა აპარატის ერთ-ერთი თანამშრომელიც. მიზეზად ინტოქსიკაცია სახელდება. დღის ბოლოს ამავე მიზეზით მინისტრის საათის ჩატარებაც გადაიდო.

"ა-ეს-დე-2-ეფ"- ეს სავარაუდოდ იმ სითხის დასახელებაა, რომლის გამოყენებამაც პარლამენტში 4 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. სამედიცინო ექსპერტების განმარტებით, ნივთიერება ალერგიული ადამიანებისთვის საფრთხის შემცველია და შესაძლოა შესუნთქვის შედეგად, სავალალო შედეგიც დადგეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ოპოზიციას მუხლის კვალიფიკაცია არასერიოზულად მიაჩნია. მუხლის სიმძიმე მიუღებელია მოძრაობა "სირცხვილიას“ წევრებისთვისაც. სამოქალაქო აქტივისტები ფაქტზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ და პარალელურად, ხსნარის უვნებლობაზე საუბრობენ.

ის, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს დასჭირდათ, უმრავლესობის წევრებს დაუშვებლად მიაჩნიათ. ანრი ოხანაშვილის თქმით, ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რომელიც გამოძიებამ უნდა შეისწავლოს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, გამოძიება დაწყებულია. სავარაუდოდ, დაიკითხებიან პარლამენტის წევრებიც, აპარატის თანამშრომლებიც და მოძრაობა "სირცხვილიაც". გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის ყველა მხარე მზადაა.

დღის ამბები