26 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
37 დღე ოკუპანტების ტყვეობაში - ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საოკუპაციო ზოლთან საპროტესტო აქცია გაიმართება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, დაკავებას დღეს საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ოძისში, გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეების მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან ამ წუთებში იწყება.

ოჯახის წევრებს, მოქალაქეებსა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს მავთულხლართებთან რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ქართველი ექიმი პატიმრობაში დატოვა, ეს არის პირველი საპროტესტო აქცია ოჯახის წევრების მონაწილეობით. 

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას პოლიტიკოსებიც უერთდებიან. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, საოკუპაცია რეჟიმმა დროულად გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ექიმი. 

"ხელისუფლება არ იყენებს ყველა საჭირო ტრიბუნას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი მწვავედ დასვას ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე, ვისი მხრიდანაც უნდა განხორციელდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე,"- განაცხადა "კურიერთან" საუბარში "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.

"ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში, განცხადებების გარდა, ხელისუფლებისგან არაფერი მოგვისმენია. პირიქით, ბინძურ პოსტებს ვხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი. 

"ხელისუფლება არაადეკვატურია, ისინი ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში. აბსულუტურად მოწყვეტილია რეალობას და ამავდროულად არანაირი უნარი კრიზისის მენეჯმენტის ამ ხელისუფლებას არ გააჩნია,"- განაცხადა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. 

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს მხარდაჭერა "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილმაც გამოუცხადა. ვაჟა ექიმისადმი სოლიდარობის აქციაზე უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილიც მივიდა. 

ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მარიონეტულმა რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა. ექიმი უკვე 37-ე დღეა, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები