17 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
"ოცნებამ" მიიღო სილა ორივე ლოყაში - ოპოზიცია ამერიკელი პოლიტიკოსების კრიტიკას აფასებს

ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკოსების ჯიმ რიშისა და ადამ კიზინგერის მიერ "ქართული ოცნების" კრიტიკას ოპოზიციაში სახელმწიფოსთვის საშიშ სიგნალად თვლიან.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლებისგან სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს ელის, ხოლო მათი რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა მსგავს კრიტიკულ განცხადებებს იწვევს.

"შეხვედრები იყო არაერთი. ახლა არის ვიზიტი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი. ამის გარდა სხვა შეხვედრებიც იყო. არგუმენტები, რომელიც არის წარმოდგენილი, ფაქტია, რომ გაზიარებული არ არის. ანუ, რაღაცას რომ ეუბნები შენს პარტნიორს, ის უნდა დაგეთანხმოს, დაიჯეროს და გაიზიაროს. ფაქტია, რომ შეხვედრები ტარდება და მაინც იგივე განცხადებები კეთდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ახსნა საკმარისი არ არის, ახსნას და ინფორმაციას კი არ ითხოვენ, ისინი ითხოვენ სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების შეფასებები გამოთქმული იყო არა კონკრეტული პარტიის, არამედ დემოკრატიის მხარდაჭერისთვის საქართველოში. 

"ძალიან მკაფიოდ ითქვა, ეს არის პოლიტიკური დევნა, და ძალადობა ხელისუფლების მხრიდან. კონგრესმენის შემდეგ სენატორის განცხადება არის მკაფიო გზავნილი, რომ ამერიკა არ აპირებს შეეგუოს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცოს საქართველოში დემოკრატია. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერი განცხადება, ეს არის დემოკრატიის მხარდამჭერი განცხადება,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კიდევ უფრო მკაცრ შეფასებებს ელოდება. 

"ეს არის დასაწყისი, იქნება გაცილებით მკაფიო, მკვეთრი, მკაცრი შეფასებები. იმ უმსგავსობის, რაც დღეს საქართველოში ხდება და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, როგორც პროფესიონალმა - მეგობრებო, ეს არავის ლობისტური მოქმედების შედეგი არ არის, შესანიშნავი საელჩო ყავს აშშ-ს საქართველოში, რომელიც  მუდმივად აწვდის ზუსტ და ყველაფრის ამსახველ ინფორმაციას ვაშინგტონს,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ვიზიტისას მმართველმა პარტიამ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წითელი ბარათი მიიღო.

"ძალიან მკაცრი გაფრთხილება მიიღეს მათ აშშ-ში ვიზიტის დროს, მგონი სილა მიიღეს ორივე ლოყაში ერთდროულად და ამას ადასტურებს მათი განცხადებებიც, რასაც ისინი ამბობენ,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამერიკელი პოლიტიკოსების შეფასებებს ეთანხმება და აღნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომების გამეორება დაიწყო. 

"ვეთანხმები, იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადმოიბარა ის მახინჯი სისტემა, რომელიც იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს და რომელსაც ეწინააღმდეგებოდა და რომლის შეცვლასაც მოითხოვდა ქართველი ხალხი. იმეორებენ ზუსტად ყველაფერ იმ ცუდს, რაღაცა მომენტში ნაკლები დოზით, იმიტომ, რომ ჯერ ქუჩაში არ გვხოცავენ," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკული განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა და კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა გააკეთეს.

დღის ამბები