22 იანვარი 2020,   06:37
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმის გიორგი ჯანაშიას გამოკითხვა, სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობს. დღეს ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გიორგი ჯანაშია უნდა დაიკითხოს, რომელიც თავადაც პატიმრობაშია.

ჯანაშიას ადვოკატი და პროკურატურა დღევანდელი სხდომის დახურვას ითხოვენ, რასაც კალანდიას დაცვის მხარე არ ეთანხმება. კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით 4 ივნისს დააკავეს.

დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ სხდომაზე, დაიხურებოდა თუ არა მიხეილ კალანდიას პროცესი, სადაც გიორგი ჯანაშია უნდა გამოიკითხოს.

საბოლოოდ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მედიის წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა და სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი ჯანაშია დახურულ სხდომაზე იკითხება.

პროკურატურა არგუმენტად იმ ფაქტს ასახელებდა, რომ გიორგი ჯანაშიამ დღეს არასრულწლოვნებთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდნენ და მკვლელობის დეტალები უნდა გაიხსენოს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, სხდომის დახურვა აუცილებელი იყო.

სახელმწიფო ბრალდებას ეწინააღმდეგებოდა მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა. კალანდიას უფლებადამცველის თქმით, ბრალდების შუამდგომლობა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით უსაფუძვლო მოთხოვნაა.

"ეს არის მცდელობა იმისა, რომ აღადგინონ სტატუსქვო, რასაც ხელისუფლებამ მიაღწია სასამართლოს დაწყების პერიოდში, როდესაც ნახევარზე მეტი სხდომა დახურულ რეჟიმში იყო. 4 შუამდგომლობა დამჭირდა იმისათვის, რომ გაგვეხსნა ეს სხდომა და დღეს ხელახლა ცდილობენ მის დახურვას, რამეთუ არ უნდათ საზოგადოება ჰყავდეთ ინფორმირებული და ინფორმაციულ შიმშილში ამყოფონ," - აცხადებს მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა.

დღის ამბები