26 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
"პროკურატურამ და ჯანდაცვამ საქმე კონტროლზე აიყვანოს" - დაღუპული პაციენტის ოჯახი ექიმებს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

დაღუპული პაციენტის ოჯახი ექიმებს უჩივის - 40 წლის მამაკაცი კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა, სავარაუდო მიზეზი პნევმონია გახდა. ახლობლები მედიკოსებს ბრალდებებს უყენებენ და მათ წინააღმდეგ საჩივარს ამზადებენ.

40 წლის მამაკაცის მანუჩარ მაღლაფერიძე გარდაცვალების მიზეზად მისი ოჯახის წევრები ექიმების დაუდევრობას ასახელებენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებთან მომხდარის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, მანუჩარ მაღლაფერიძე 9 დეკემბერს შეუძლოდ გახდა, მას აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ ჰქონდა. შესაბამისად გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს. ახლობლების თქმით, ექიმებმა მანუჩარ მაღლაფერიძეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინეს.

გარდაცვლილის ოჯახი ირწმუნება, რომ მანუჩარ მაღლაფერიძე მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა და მათი მოთხოვნა იყო, რომ პაციენტი რეანიმაციაში დროულად გადაეყვანათ. გარდაცვლილის ახლობლების განმარტებით, მედიკოსებმა ოჯახის მოთხოვნა არ გაითვალისწინეს, პაციენტის რეანიმირება კი დაგვიანდა და რის შედეგადაც 20 იანვარს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ოჯახის წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზსაც მიმართეს, რა დროსაც სამინისტრომ პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ დეტალური დოკუმენტაცია მოითხოვა. ამის შემდეგ მათ მიმართეს რეფერალურ საავადმყოფოს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მანუჩარ მაღლაფერიძე მის მეუღლესთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მკურნალობის შესახებ მისმა ოჯახმა ცნობა ვერ მიიღო.

"მომხდარს რას ვუკავშირებ და უყურადღებობას, გულგრილობას, არაადამიანურ მობყრობას. ექიმს ვენდე, მე მაინც ექიმს დავუჯერე, რამაც ძალიან დიდი შეცდომა დამაშვებინა და ჩემი დისშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის," – განაცხადა მანუჩარ მაღლაფერიძის დეიდამ.

გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ მედიკოსები ახალგაზრდა მამაკაცს სათანადო მკურნალობას არ უტარებდნენ.

"ჩვენ გვეუბნებოდნენ კარგად არისო და პაციენტი უფრო მძიმდებოდა. არ აქცევდნენ ნორმალურ ყურადღებას, არ მკურნალობდნენ ნორმალურად და ეს არის ამის შედეგი. რეანიმაციაში რომ ავიყვანეთ პაციენტი გათიშული იყოო, არა და არ იყო გათიშული, მე ველაპარაკე ჩვეულებრივად და ავაცილე თითქმის კარებამდე, რატომ უნდა გათიშულიყო?" – აცხადებს მანუჩარ მაღლაფერიძის მეუღლე.

ოჯახი სამართლებრივ დავას აპირებს. მანუჩარ მაღლაფერიძის ოჯახის ადვოკატები პროკურატურასა და ჯანდაცვის სამინისტროს დღეს მიმართავენ იმისათვის, რომ ახალგაზრდა მამაკაცის საქმე პირად კონტროლზე აიყვანონ. 

"ის ვარაუდი არსებობს, რომ ფაქტობრივად ემზადებიან ჰოსპიტლის წარმომადგენლები, რომ გააყალბონ და ფალსიფიცირება გაუკეთონ დოკუმენტებს. აქედანვე მინდა მივმართო პირდაპირ პროკურატურასაც, ჯანდაცვის სამინისტროსაც, რომ აღნიშნული საქმე აიყვანონ კონტროლზე," – განაცხადა მანუჩარ მაღლაფერიძის ოჯახის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა.

ერთ-ერთი ადვოკატის განმარტებით, მათ ჰოსპიტალის ადმინისტრაციისაგან პაციენტის ისტორია მოითხოვეს, რაზეც  უარი მიიღეს.

"კურიერი" რეფერალური საავადმყოფოს ექიმს დაუკავშირდა, რომელიც დაღუპული 20 წლის მამაკაცის პირადი მკურნალი ექიმი იყო. ექიმმა მანანა კაპანაძემ დასმულ კითხვებს არ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ ბრალდებებს არ აღიარებს.

 

დღის ამბები