10 მაისი 2024,   05:27
ვრცლად
ნიკა გვარამია მის ოჯახზე განხორციელებულ თვალთვალზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ თვალთვალზე, კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.

ნიკა გვარამიას თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული ერთ-ერთი საქმის ფარგლებში მიმდინარე თვალთვალისას, რომელსაც უნდა დაედგინა კონკრეტული ავტომობილი ნამდვილად იყო თუ არა, მისი ოჯახის სარგებლობაში, თვალთვალი ხორციელდებოდა არა ავტომობილზე, არამედ მის მეუღლეზე:

"ჩვენ მთელი ოჯახი დიდი ხანია, უკვე მერვე წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არა როგორც მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, არამედ როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი. აქამდე, ეს ძირითადად ვლინდებოდა ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ როგორც ჩანს არანაირი წითელი ხაზები, უკვე ფსიქოპატური ფორმებით მებრძოლი რეჟიმის წინააღმდეგ არ არსებობს და ყველა ლოგიკურად შემაკავებელი ხაზი გადაკვეთილია. ჩემი ოჯახი არის განუწყვეტელი თვალთვალის, ზემოქმედების და საფრთხის წინაშე ამ ხელისუფლების მიერ და გამო.

იცით, რომ ერთ-ერთი საქმე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ სრულიად აბსურდულად არის წამოწყებული, ეხება მანქანას, რომელიც ჩვენი ოჯახის სარგებლობაში იყო. არც დაგვიმალავს და სარგებლობდნენ ჩემი მეუღლე და ბავშვები. ცხადია, ამაში დანაშაული არ არის, იმიტომ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით მოხდა. მაგრამ პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ უნდა დაედგინა ეს მანქანა, რეალურად არის თუ არა, ჩვენ სარგებლობაში. ეს ჩვენთვის რომ ეკითხა, მარტივ პასუხს მიიღებდა და დავადასტურებდით. მიუხედავად ამისა, გამოტანილი იქნა დადგენილება ამ საკუთრების დასადგენად თვალთვალის გამოყენების. თითქოს, ცხადია, რომ მანქანას უნდა უთვალთვალონ, მაგრამ არა. ამაში მონაწილეობა მიიღო პროკურატურამ და სასამართლომ, პირობას გაძლევთ ყველა გადაწყვეტილების მიმღებს მძიმედ დავსჯი, აუცილებლად, გარდაუვლად და მძიმედ - განაცხადა გვარამიამ.

მან, თვალთვალის ღონისძიების კრებსი წაიკითხა, სადაც მისი მეუღლე სოფო ლილუაშვილი "ობიექტ ლაბაძედ" იყო მოხსენიებული და როგორც გვარამია აცხადებს, ნაჩვენები იყო, რომ თვალთვალი სწორედ "ობიექტ ლაბაძეზე" ხორციელდებოდა 28 დღის განმავლობაში და არა ავტომობილზე.

მისი თქმით, დოკუმენტაციაში არის უზუსტობებიც, რომელიც აჩვენებს, რომ მასზე და მის ოჯახზე თვალთვალი, ამ საქმის მიღმაც ხორციელდებოდა.

"28 დღე რას უთვალთვალებდნენ, რაში აინტერესებდათ ჩემი ცოლის და შვილების გადაადგილება. ჩემმა ოჯახმა მიიღო ომის გამოცხადება დიდი ხანია. ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და შევდივართ ომში. ჩვენ ვუცხადებთ საპასუხო ომს ბიძინა ივანიშვილს და მას, ამ ომში დავამარცხებთ. როგორც ადამიანები, რომლებიც ვისჯებით სიმართლისთვის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის. ჩვენ მას დავამარცხებთ და დამარცხებულს მოვექცევით უკეთესად,  ვიდრე ის გვექცევა,"- განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი აპირებს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად სახალხო დამცველს მიმართოს:

"ის, რომ ბავშვებს ეხება საქმე, ის რომ მე ყოველდღიურად მითვალთვალებენ, ის რომ მე ვაანალიზებ იმას, რომ პრაქტიკულად გადარჩენილი ვარ, მე რომ მცოდნოდა, იმ მანქანაზე რომ ვიჯექი და მითვალთვალებდნენ, აუცილებლად რაღაც შემთხვევა მომივიდოდა. აუცილებლად წავალ ნინო ლომჯარიასთან, ბოლო იმედია ამ ქვეყანაში, ვისთანაც შეიძლება მივიდე და ჩემი უფლება როგორც საქართველოს მოქალაქის დავიცვა," - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.

პროკურორი ზვიად გუბელაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სოფო ლილუაშვილზე ფარული ვიდეოგადაღება მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ხორციელდებოდა. იმ პერიოდში, როდესაც ის კონკრეტული ავტომობილით სარგებლობდა:

"უშუალოდ, ფარული ვიდეოგადაღება განხორციელდა  მხოლოდ და მხოლოდ 2 დღის განმავლობაში. იმ 2 დღეს, როდესაც აღნიშნული ქალბატონი სარგებლობდა "რუსთავი2"-ის კუთვნილი ფულით მიღებული ავტომობილით,"  - განაცხადა ზვიად გუბელაძემ. 

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ავტომობილით საგამოძიებო უწყება დაინტერესდა, ნიკა გვარამიამ ავტომობილი კომპანიას დაუბრუნა და შესაბამისად, მის მეუღლეზე თვალთვალი აღარ განხორციელებულა.

დღის ამბები