06 მაისი 2024,   12:17
ვრცლად
ახალგორის ჰუმანიტარული კრიზისი - არასამთავრობოები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ

ახალგორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ და მოუწოდებენ, გაზარდონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე - წერილს ხელს 18 ორგანიზაციის მიმართვა აწერს.

მიმართვის ადრესატები გაერო, ევროპის საბჭო, ევროკავშირი, ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები არიან.

მიმართვაში მოყვანილია კონკრეტული ფაქტები, მათ შორის საუბარია 2019 წლის სექტემბერში მოსაბრუნი-ოძისის გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვაზე, რომელსაც ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. 

წერილის ავტორების თქმით, შეზღუდვამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა.

ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა და დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს.

"გაცნობებთ, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი ვართ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონში წარმოქმნილი ჰუმანიტარული კრიზისით და მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენო თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა ადგილობრივი  მოსახლეობა კიდევ უფრო მეტი ზიანისგან დავიცვათ.

მოგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სრულად იქნა დაკეტილი მოსაბრუნი-ოძისის გადასასვლელი, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის. მათი უმეტესობა აღნიშნულ პუნქტს ყოველდღიურად, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და სოციალური სერვისების მისაღებად იყენებს, აგრეთვე, ნათესავებისა და ოჯახის წევრების მოსანახულებლად. 

მოსაბრუნი-ოძისის გადასასვლელი, რომლითაც დღეში საშუალოდ 400 ადამიანი სარგებლობდა, ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება. უცნობია როდის მოხდება დაწესებული შეზღუდვის გაუქმება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას - როგორც ქართველებს, ისე ოსებს - საფრთხის წინაშე აყენებს. არაერთმა ახალგორელმა გადაადგილების აკრძალვამდე დატოვა საკუთარი სახლი და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა. ადგილზე დარჩენილები კი, რომელთა რაოდენობა 1,000 ადამიანს აღწევს, მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის, მათ შორის საკვების უკმარისობის და ყოველდღიური მოხმარების საგნებზე გაძვირებული ფასების პირისპირ აღმოჩნდნენ.

გადაწყვეტილება განსაკუთრებით ხანდაზმულებს შეეხო, აგრეთვე, სტუდენტებს და მათ, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. 

შეზღუდვამ უკვე იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე; ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით, სათანადო სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო ახალგორის ათამდე მცხოვრები გარდაიცვალა. მათ შორისაა, სოფელ იკოთის მკვიდრი, 70 წლის მარგო მარტიაშვილი, რომელიც მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის ნება არ დართო.

დეკემბერსა და იანვარში, შესაბამისად, დე ფაქტო ხელისუფლებამ გადასასვლელით სარგებლობის უფლება შეზღუდული რაოდენობის ადამიანებს მისცა - კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებსა და რამდენიმე ათეულ პენსიონერს. 

თუმცა, ეს ზომები დროებითი და არასაკმარისი აღმოჩნდა ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის აღმოსაფხვრელად. აღსანიშნავია, რომ რუსეთის  მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ბოლოდროინდელი შეზღუდვის დაწესებამდეც საკმაოდ სავალალო იყო.

ახალგორის მოსახლეობა, ეთნიკურად ქართველებით დასახლებული გალის რაიონის (აფხაზეთი) მსგავსად, დიდი ხანია განიცდის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გალისა და ახალგორის მოსახლეობის უფლებები თანდათანობით შეიზღუდა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და სხვა ფუნდამენტური უფლებები. ისინი კი, ვინც შეზღუდვების  წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა, დე ფაქტო მთავრობების დევნის მსხვერპლი აღმოჩნდნენ.

ამის კარგი მაგალითია ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, რომელიც შიშობს, რომ ცხინვალის ხელისუფლების მიმართ მის მიერ გამოთქმულმა ღია კრიტიკამ, შესაძლოა, საბოლოოდ მისი რეგიონიდან გაძევება გამოიწვიოს.

არცთუ ისე იშვიათია ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე   შემთხვევებიც, მათ შორის, უკანონო პატიმრობა და სიცოცხლის ხელყოფა.

ამას ადასტურებს დავით ბაშარულის (2014 წ.), გიგა ოთხოზორიას (2016 წ.), არჩილ ტატუნაშვილის (2018 წ.) და ირაკლი კვარაცხელიას (2019 წ.) გარდაცვალების საქმეები.

საფრთხე ემუქრება რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების მიმდებარედ, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ძალების მიერ წარმოებული "ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად ადგილობრივებმა ასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო, საძოვარი და სათიბი მიწა დაკარგეს. ყოველწლიურად ასობით ადამიანს აკავებენ წარმოსახვითი საზღვრის გადაკვეთისთვის. ამის კარგი მაგალითია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის მონახულების მიზნით გადასვლისას დააკავეს.

ხელმომწერ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და დაუყოვნებელ ქმედებას მოითხოვს.

შესაბამისად, მოგიწოდებთ გაზარდოთ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე,  როგორც  ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის მქონე ძალაზე, რათა დაუყოვნებლივ გაიხსნას ოძისი-მოსაბრუნის გადასასვლელი, შეწყდეს სამოქალაქო პირების უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან და საერთაშორისო მონიტორინგის მისიებს მიეცეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუბრკოლებლად შესვლის შესაძლებლობა.

ასევე, მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ყველა საჭირო ზომა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების სწრაფად მისაწოდებლად," - ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; კავშირი "საფარი"; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; მედიის განვითარების ფონდი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; მწვანე ალტერნატივა; ევროპის ფონდი; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია".

დღის ამბები