26 აპრილი 2024,   08:00
ვრცლად
გაიზრდება თუ არა საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე - მესამე სექტორი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

გაიზრდება თუ არა საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე - საოკუპაციო ხაზთან და მიმდებარედ შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გამო 18 არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობისგან ითხოვს, მკაცრი რეაგირება მოჰყვეს რუსეთის მხრიდან მოქალაქეების უკანონოდ გატაცებას, მათი უფლებების დარღვევას და ქვეყნის ტერიტორიების მიტაცებას.

გაეროსთვის, ევროპის საბჭოსთვის, ევროკავშირისთვის, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გაგზავნილ წერილში კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი.

პირველ რიგში საუბარია ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც ახალგორში შეიქმნა მას შემდეგ, რაც ოკუპანტების მიერ თითქმის 5 თვის განმავლობაში ჩაკეტილია ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი, ამის გამო ადგილზე სასმელი წყლის, პროდუქტების პრობლემა და დეფიციტი შეიქმნა. მოსახლეობას ასევე არ მიუწვდება ხელი მედიკამენტებზე, თითქმის 100%-ით არის გაზრდილი ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე, რის გამოც წუხს ადგილობრივი მოსახლეობა და დიდი პრობლემების წინაშე დგას - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მესამე სექტორის წერილში ასევე ყურადღება ექცევა იმას, რომ ადგილობრივებს არ აქვთ საშუალება განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ. ასევე საუბარი არის იმაზეც, რომ არ მიუწვდებათ ხელი ჯანდაცვაზე და არა ერთი გარდაცვალების შემთხვევა მოჰყავთ მაგალითად მარტო იმის გამო, რომ ბანდფორმირებებმა არ პაციენტი საზღვარზე არ გადმოუშვეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაა და მაგალითად ტატუნაშვილის, ოთხოზორიასბაშარულისა და კვარაცხელიას საქმეები მოჰყავთ.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ამ ორგანიზაციას, რომ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, როგორც ეფექტურ კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოზე ამ რეგიონებში იმისათვის, რომ სწორედ ადამიანის უფლებები იქნეს დაცული იმისათვის, რუსეთმა შეასრულოს ვალდებულებები, წვდომა ჰქონდეს ჰუმანიტარულ ორგანიზაციას და ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიას იმისათვის, რომ არამხოლოდ გამყოფი ხაზის აქეთ, არამედ იმის მიღმაც განახორციელოს მონიტორინგი," – აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

როგორც EMC-ის იურისტი თეონა ფირანიშვილი ამბობს, საერთაშორისო ზეწოლა საკითხის მოგვარების ერთადერთ გზად რჩება.

"საერთაშორისო ზეწოლა დარჩა ერთადერთ გზად, რომ ეს საკითხი მოგვარდეს, თუმცა ვერ გეტყვით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიც რაიმე აქტიურობით იყვნენ, ყოველ შემთხვევაში ეს საჯარო დისკუსიებში და საჯარო განცხადებებში ნაკლებად ჩანს," - განაცხადა თეონა ფირანიშვილმა.

დღის ამბები