02 მაისი 2024,   03:31
ვრცლად
სახელები და გვარები იცვლება, მაგრამ ივანიშვილის მორჩილი პროკურატურა განაგრძნობს მისი დაკვეთების შესრულებას - კახიძე

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევისას არა საპროკურორო საბჭო, არამედ ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს - ამის შესახებ განცხადებას ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე აკეთებს.

ოთარ კახიძის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაინიშნება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, ის მაინც ბიძინა ივანიშვილის სურვილების შემსრულებელი იქნება. მისივე განცხადებით, სახელისა და გვარის ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს, პროკურატურა მაინც ივანიშვილის დაკვეთებს შეასრულებს. 

"საპროკურორო საბჭო კი არ იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატების შერჩევის თაობაზე, არამედ ივანიშვილი. შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს წევრები ფორმალურად რას უყრიან კენჭს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ივანიშვილი მაფიის ბოსივით, ბიზნესმენებთან არჩევს საქმეს, ოღონდ გვერდით შოთაძე ჰყავდა, როგორც მთავარი პროკურორი, მეტი დამაჯერებლობისთვის. ფარული მუქარის გზავნილი იყო. ივანიშვილის მითითებებს შოთაძე შეასრულებს, ფარცხალაძე, ბადაშვილი თუ თადუმაძე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სახელები და გვარები ერთმანეთს ცვლიან ამ თანამდებობაზე, მარგამ ივანიშვილის მორჩილი პროკურატურა კვლავ განაგრძნობს მისი დაკვეთების შესრულებას," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით კი, ირაკლი შოთაძეს საპროკურორო საბჭოზე მოსმენის დროს დეტალური ხედვა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით თუ რა ნაბიჯებს გადადგმას პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში. 

"ირაკლი შოთაძე იყო საუკეთესო მის მიერ წარმოდგენილ ხედვაში, ვინაიდან, მას ჰქონდა დეტალური ხედვა, პროგრამა, კონკრეტული ნაბიჯები, თუ რას გააკეთებს პროკურატურისთვის იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება მხარდაჭერა. პრიორიტეტულობას თუ ავიღებთ ჩვენ და შკალას დავაწესებთ, მაქსიმალური შკალით შეგვიძლია შევაფასოთ ეს კანდიდატი," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ კანდიდატთა ოთხეული გამოავლინა. მათ შორის არიან ირაკლი შოთაძე, დარიკო თორდია, სოფიკო შენგელია და ვალერიან ვაჭარაძე. 

შემდეგ სხდომაზე კი ასევე ფარული კენჭისყრით ის კანდიდატი გამოვლინდება, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება. დღევანდელი ფარული კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა ირაკლი შოთაძემ მიიღო.    

დღის ამბები