02 მაისი 2024,   07:24
ვრცლად
"მარიანა ჩოლოიანს აღიარებითი ჩვენება ლუკა სირაძისგან არ მიუღია, საზოგადოებისთვის ბევრი რამ არაა ცნობილი" - ჩოლოიანის ადვოკატი

ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი დავით ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ მარიანა ჩოლოიანისთვის წარდგენილი ბრალი აბსურდულია, რადგან მას აღიარებითი ჩვენება ლუკა სირაძისგან არ მიუღია.  

"მარიანა ჩოლოიანს აღიარებითი ჩვენება ლუკა სირაძისგან არ მიუღია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ამ საქმეში, იმიტომ, რომ ბრალდება წარდგენილია ამ მუხლით - მოწმის იძულება. რაც შეეხება სხვა განცხადებებს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გააჟღერა, მე როგორც იურისტი მივიჩნევ, რომ ეს ყველაფერი არის აბსურდული და სასამართლოში შევეცდებით, დავამტკიცოთ სიმართლე. საზოგადოებისთვის ბევრი რამ არაა ცნობილი," - აცხადებს ადვოკატი

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის მ.ჩ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა. როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მარიანა ჩოლოიანის გარდა პასუხისმგებლობა შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ორ თანამშრომელს დაეკისროს.

შეგახსენებთ, "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების საქმეზე პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ 15 წლის ლუკა სირაძემ  თვითმკვლელობა სცადა და მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოხტა. მიღებული დაზიანებებით მოზარდი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. შემთხვევა გასული წლის დეკემბერში მოხდა.

დღის ამბები