06 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
"ხელისუფლების გავლენების მცდელობა იგრძნობა" - აქცია აჭარის ტელევიზიასთან

ბათუმში აჭარის ტელევიზიასთან აქცია მიმდინარეობს. მაუწყებელთან პოლიტიკოსები, არასამთავრობოები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. მათი მთავარი მოთხოვნა არხზე სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა. ისინი თვლიან, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში, მედიის დამოუკიდებელ მუშაობას საფრთხე ექმნება.

არხის ხელმძღვანელობა საინფორმაციოს უფროსის ორი მოადგილის შტატს აუქმებს. მათი განცხადებით, შტატები გაბერილი იყო, პარალელურად დაწყებულია დისციპლინური წარმოება საინფორმაციო სამსახურის მენეჯმენტის საქმიანობაზე.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა საფრთხეშია. მათი თქმით, რეორგანიზაციის შესახებ ახალმა დირექტორმა დაკვეთა ხელისუფლებისგან მიიღო, რომელიც ითვალისწინებს, მაუწყებლიდან გაათავისუფლოს ის ჟურნალისტები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

“ვფიქრობ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ამ მაუწყებლის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ხელისუფლების გავლენების მცდელობა იგრძნობა ბოლო პერიოდში. ეს სურვილი ძალიან დიდია, ამიტომ საზოგადოების მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდებათ ჩვენს კოლეგებს, ვინაიდან, საკმაოდ დიდია იმის მცდელობა, რომ ეს ტელევიზია წავიდეს ისევ ძველ დროში,“ - განაცხადა ჟურნალისტმა სულხან მესხიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ პროცესებმა, რომელიც ტელევიზიაში ვითარდება, უკვე კულმინაციას მიაღწია.

"მაუწყებლის მენეჯმენტი ცდილობს ძალიან ღიად, რომ შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა. ჩვენ თუ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დროს ნათია ზოიძის წასვლას ვაფასებდით, როგორც სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას, ახლა ეს გადაწყვეტილება, რომელიც დირექტორმა გააცნო მმართველებს და უნდა გაიტანოს ბორდის სხდომაზე, უკვე აშკარა ჩარევაა სარედაქციო დამოუკიდებლობაში,“ - განაცხადა მალხაზ რეხვიაშვილმა.

დღის ამბები