02 მაისი 2024,   01:24
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, არჩევნები და მართლმსაჯულების სისტემა - აღნიშნულ საკითხებზე "სამოქალაქო მოძრაობის" ოფისში იმსჯელეს

ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, არჩევნები და მართლმსაჯულების სისტემა - ეს ის ძირითადი თემები იყო, რომელიც დღის ბოლოს ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენელმა ამჯერად "სამოქალაქო მოძრაობის" ოფისში განიხილეს.

მათი შეფასებით, პოლიტიკოსების მთავარი მიზანი ქვეყანაში ისეთი სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომ ერთი ძალის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების საფრთხე და რევანშის საშიშროება არ არსებობდეს.

"სისტემურად ისე შევცვალოთ უნდა ეს სახელმწიფო და მისი მმართველობა, რომ აღარ გვქონდეს შიშები რევანშის, ძალაუფლების უზურპაციის და ეს ქვეყანა გახდეს ადამიანური ქვეყანა, რომელიც იქნება პროგნოზირებადი, წყნარი, მშვიდი და წინსვლაზე ორიენტირებული," –  განაცხადა "სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა.

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არა მარტო სამართლიანი არჩევნების პრინციპებზე, არამედ სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპებზეც მუშაობს.

"ყველა ოპოზიციური პარტია ვართ ერთად, ჩვენ სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპების და სისტემის თემატიკაზეც ვმუშაობთ, ეს ეხება როგორც სასამართლოს, ასევე პოლიციას, ასევე პროკურატურას," - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა. 

როგორც "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძის თქმით, საზოგადოება აუცილებლად უნდა იყოს საქმის კურსში, თუ რა ელოდება მას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.

"აუცილებლად უნდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, თუ რა ელოდება მას, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება იმიტომ, რომ ბევრჯერ შეცვლილა ხელისუფლება, მაგრამ სამართლიან სასამართლოს ვერ ვეღირსეთ ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე, ასე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფუნდამენტურ საკითხზე ყველა პარტია, განურჩევლად მათი იდეოლოგიური ხედვებისა მზად არის მოსახლეობას შესთავაზოს ერთიანი გეგმა საქართველოში თავისუფალი მართლმსაჯულების," - აცხადებს ანზორ ბიწაძე.

დღის ამბები