26 აპრილი 2024,   07:24
ვრცლად
მზადყოფნა კორონავირუსისთვის - საქართველო პანდემიის პრევენციისთვის ზომებს ამკაცრებს

საქართველოს ინფექციურ საავადმყოფოში 25-ე პაციენტი შეიყვანეს - ამ დრომდე, 24-დან არც ერთს ლაბორატორიულად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამჯერად მაღალი ცხელებით მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა და ის, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ქუთაისის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.

საჩხერის საავადმყოფოს ტერიტორიაზე კი, საქართველოს 34 მოქალაქისთვის საკარანტინო პერიოდი გრძელდება. დაკვირვების მეოთხე დღეს მედიკოსები აცხადებენ, რომ არც ერთ მოქალაქეს ამ დრომდე კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭო ზომების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას გეგმავს, კონკრეტულად რა შეიცვლება - მთავრობა ახალ დადგენილებას ხვალ გამოაქვეყნებს.

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში პანდემიური მზადყოფნა ძლიერდება. საქართველოს ჯანდაცვის უწყებაში ჩინეთზე მეტად, ქვეყანაში ვირუსის შემოტანის საფრთხედ ირანი მიაჩნიათ. ამიტომ, საქართველოში შემოსული ყველა ის პირი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ირანში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც კორონავირუსი ფიქსირდება, დაკვირვების 2 კვირიან პერიოდს გაივლის.

ვირუსის გავრცელების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა გაუქმებულია ირანთან. დღეს ვერცერთი სახმელეთო რეისი ვერ შესრულდა თეირანის მიმართულებით. საზღვარი ჩაკეტილი აქვს როგორც სომხეთს, ასევე თურქეთს. ირანის მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანის მიზნით ავიაკომპანიებს საშუალება მიეცათ, ცარიელი თვითმფრინავები ჩამოიყვანონ და საკუთარი მოქალაქეები გაიყვანონ.

შეჩერდება თუ არა ავიამიმოსვლა იტალიასთან, ამ საკითხზე მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს. იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი, საქართველოს საკონსულოსგან სპეციალურ რეკომენდაციებს იღებენ. 

 

დღის ამბები