26 აპრილი 2024,   06:37
ვრცლად
ქვეყანაში საარჩევნო სისტემის შესაცვლელად მთავარი ბერკეტი ხელისუფლების ხელშია - ოპოზიცია მოლაპარაკებებზე

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრა არაფორმალურ გარემოში უკვე ორ საათზე მეტია გრძელდება.

შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები და საპარლამენტო ფრაქციის წევრები ესწრებიან.

როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, ქვეყანაში საარჩევნო სისტემის შესაცვლელად მთავარი ბერკეტი ხელისუფლების ხელშია და მათ აუცილებლად მოუწევთ ამ დათმობაზე წასვლა.

"ქართველებმა იმის ნახევარიც რომ მოვინდომოთ, რასაც ჩვენი მეგობრები ინდომებენ საარჩევნო საკითხებზე შეთანხმების მისაღწევად, მაშინ ყველაფერი კარგად დასრულდება. ეს არის ბოლო მცდელობები იმისთვის, რომ შევძლოთ არჩევნების ჩატარება და არ გვქონდეს დაპირისპირება," - აღნიშნა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით უსუფაშვილმა

"მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს რესურსი და დიალოგსაც ყოველთვის აქვს აზრი, იქნება ის ფორმალური, თუ არაფორმალური. მთავარი ბერკეტი ახლა არის უმრავლესობის ხელში და მნიშვნელოვანია უმრავლესობამ ეფექტური, კონსტრუქციული გადაწყვეტილება მიიღოს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრმა ირმა ინაშვილმა.

"ეს არ არის ფორმალური შეხვედრა. არავითარი შეთანხმებები აქ არ იდება. ჩემი პოზიცია მოგეხსენებათ. მე მიმაჩნია, რომ რადგან დრო იწურება აქ ინიციატივა არის "ქართული ოცნების" ხელში და ნებისმიერ შემთხვევაში რაიმე კომპრომისული წინადადება უნდა წარმოადგინოს," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრმა გია ჟორჟოლიანმა.

110/40-ზე - ხელისუფლების ახალი შეთავაზება ოპოზიციას. ამ წუთებში, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. საუბრის მთავარი თემა, საარჩევნო სისტემა და ჩაშლილი მოლაპარაკებებია. ოპოზიციის განმარტებით, ეს არ არის მეხუთე რაუნდი, სადაც საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობენ იმ მიზეზებს, თუ რატომ გახდა შეუძლებელი ხელისუფლებასთან მოლაპარაკება.

სავარაუდოდ, ეს ერთ-ერთი ბოლო მცდელობაა, რომ ქვეყნის საარჩევნო მომავალზე პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდეს.

დღის ამბები