18 მაისი 2024,   12:47
ვრცლად
16 წლამდე ბავშვები და ორსულები კორონავირუსის რისკჯგუფს არ მიეკუთვნებიან  

კორონავირუსის სპეციფიკასთან დაკავშირებით მედიკოსებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ისაუბრეს,  როგორ მოქმედებს COVID 19 ორსულებსა და ბავშვებზე. 

მეან-გინეკოლოგის პაატა ჟორჟოლიანის თქმით, 16 წლამდე ბავშვებში ამ ვირუსის გავრცელების სტატისტიკა ძალიან დაბალია, რაც შეეხება ორსულებს, არ არსებობს რაიმე მონაცემი, რომელიც დაადასტურებს, რომ ის ორსულთათვის განსაკუთრებით საშიშია.  

"ბავშვების დაინფიცირების რაოდენობა ძალიან ცოტაა. უფრო მეტად, ამ ჯგუფში მოყვნენ 50-დან 60 წლამდე და 16-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანები. ორსულებთან დაკავშირებით არ არსებობს ინფორმაცია, რომ ორსულების მიმღებლობა ამ ვირუსთან დაკავშირებით არის მაღალი,"- განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა. 

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის პროფესორის მაია გიგაურის თქმით, მართალია ზოგადად ზაფხულობით ვირუსების გავრცელება იკლებს, თუმცა COVID 19-ის შემთხვევაში, პროგნოზის გაკეთება რთულია. 

"ის, თუ როგორ წავა დაავადება, ძალიან ძნელია იწინასწარმეტყველო იმიტომ, რომ ახალი ვირუსია, რომელიც დამკვიდრებას ცდილობს. ჩვენი მხრივ, ხელი უნდა შევუშალოთ მის გამრავლებას და განვითარებას. ზაფხულის პერიოდში, როცა უკვე დათბობა იწყება, ეს ინფექცია უკან იწევს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვერ ვიტყვით, რადგან არ ვიცით როგორ გამოიჩენს ეს ვირუსი თავს," - განაცხადა მაია გიგაურმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსი COVID 19 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა და ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 91 ათასამდე ადამიანი. ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 3 125-ს მიაღწია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 48 ათასს აჭარბებს.

საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და გართულების გარეშე მიმდინარეობს. 

დღის ამბები