მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 3 125-ს მიაღწია. ინფიცირებულია 91 ათასამდე ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 48 ათასს აჭარბებს.
ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა პორტუგალიაში, იორდანიაში, ტუნისში, ლატვიაში, სენეგალში, საუდის არაბეთსა და მაროკოში.
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულთა რიცხვი 5 ათასამდე გაიზარდა სამხრეთ კორეაში, გარდაცვლილია 34 ადამიანი. 2 ათასს აჭარბებს ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები იტალიაში, ქვეყანაში "კოვიდ 19"-ს 52 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, ირანში ინფიცირებულთა რიცხვი ისევ მატულობს. ქვეყანაში საერთო ჯამში კორონავირუსის 1,500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 66 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ირანს სპეციალური ავიარეისით 8 ტონა სამედიცინო რესურსი უკვე გაუგზავნა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულია 100 და დაღუპულია 6 ადამიანი, ხელისუფლება რამდენიმე ქვეყანასთან მიმოსვლის შეზღუდვაზე მსჯელობს.