26 აპრილი 2024,   16:32
ვრცლად
საზღვარგარეთ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ეტაპობრივად დააბრუნებენ - მთავრობა საკარანტინო ზონებს ამზადებს

ათენი-თბილისის რეისის მგზავრები უკვე თბილისში არიან. საქართველოს 121 მოქალაქე ბერძნულმა ავიაკომპანია "ეგეოსმა" ჩამოიყვანა. მგზავრებმა პირველადი შემოწმება გაიარეს, რის შემდეგაც საკარანტინო ზონებში გადანაწილდნენ. დახმარებისთვის საელჩოს მადლობას უხდიან, მაგრამ ამბობენ, რომ ქვეყანაში დაბრუნება კიდევ რამდენიმე ათეულ ადამიანს სურს.

ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია საქართველოს 20-მდე მოქალაქე იორდანიაში. ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. მოქმედებს კომენდანტის საათი. ქუჩაში გასვლა კატეგორიულად აკრძალულია.

იორდანიაში რომ მძიმე მდგომარეობაა, ამას საგარეო უწყებაშიც ადასტურებენ. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გადაადგილება შეზღუდულია დიპლომატიური კორპუსის წევრებისთვისაც. თუმცა აკრძალვა უახლოეს ორ დღეში უნდა მოიხსნას, რის შემდეგაც საკონსულო თანამოქალაქეებს საჭირო დახმარებას აღმოუჩენს.

დახმარებას ითხოვენ ქართველები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. მათ შორის რამდენიმე ათეული ადამიანი იზოლაციაშია კუნძულ მალტაზე. "კურიერს" დღეს ბულგარეთიდანაც დაუკავშირდნენ.

სამშობლოში მოქალაქეებს ეტაპობრივად დააბრუნებენ. რეისები 3-4 დღიანი ინტერვალებით შესრულდება. უახლოესი ორი კვირის განრიგი უკვე ცნობილია.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერის თქმით, რეისები დაინიშნება მომდევნო პერიოდშიც, თუმცა პარალელურად უნდა მოეწყოს საკარანტინო ზონები.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, იქ, სადაც ამ ეტაპზე ფრენა ვერ სრულდება, მოქალაქეებს დახმარებას საელჩოები და საკონსულოები აღმოუჩენენ. 

კიდევ ერთი რეისი, რომელმაც ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეები დააბრუნა, გუშინ ბერლინიდან შესრულდა. ბათუმში სხვადასხვა საკარანტინო ზონაში 182 მგზავრი გადანაწილდა. ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში, ჯამში, 3000-მდე ადამიანი დაბრუნდა.

დღის ამბები