31 მაისი 2020,   08:11
ვრცლად
იზოლაციის მეხუთე დღე - მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის 150 000-მდე მცხოვრები ახალ რეგულაციებს ეგუება

იზოლაციის მეხუთე დღე. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის 150 ათასამდე მცხოვრები ახალი რეგულაციებს ეგუება. ტერიტორიას არავინ ტოვებს. სახლში დაბრუნება დღეს კიდევ რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ გადაწყვიტა, ამბობენ, რომ კორონავირუსზე მეტად ოჯახის წევრებისგან მოშორებით ყოფნის ეშინიათ.

როგორც მარნეულში, ასევე ბოლნისში საპატრულო პოლიცია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. კონტროლდება ორივე მუნიციპალიტეტის ცენტრალური შესასვლელები და მეორეხარისხოვანი გზები. პოლიციელები და სამხედროები იზოლაციაში მოქცეულ ტერიტორიაზე მოქალაქეების გადაადგილებას ღამის ხედვის და სხვა ოპტიკური მოწყობილობებით აკვირდებიან.

სპეციალური ჯგუფების პარალელურად, მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიან საპატრულო ეკიპაჟის ჯგუფები და მოსახლეობას საგანგებო რეჟიმში ამოქმედებული ახალი წესების დაცვისკენ მოუწოდებენ.

მკაცრად მოწმდება კარანტინის ზონაში შესვლის ყველა მსურველი. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა გამოკითხვისა და სადეზინფექციო პროცედურების გავლის შემდეგ არის ნებადართული. გამკაცრებული ზომების მიუხედავად, მუნიციპალიტეტის არც ერთ შესასვლელში საავტომობილო გზის პარალიზება არ მომხდარა.

ორივე მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას განაგრძობენ. თერმოსკრინინგის შემდეგ თუ ვინმეს საეჭვო სიმპტომი გამოუვლინდება, მოქალაქეები კარანტინში, ან საველე ჰოსპიტალში გადაჰყავთ. 

არც მარნეულის და არც ბოლნისის მუნიციპალიტეტში სურსათის, მედიკამენტების და სხვა პირველადი საჭიროების დეფიციტი არ არსებობს. ორივე მუნიციპალიტეტში პროდუქტების მომარაგება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

სოციალურად დაუცველ ოჯახებს და პენსიონერებს, ვინც მკაცრი კარანტინის გამო საცხოვრებელს ვერ ტოვებენ, პროდუქტებით ამარაგებენ.

ადგილზე მიმდინარეობს მოსახლეობის შემოწმება. ამ დროის მონაცემებით, არც მარნეულის კლინიკაში და არც ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებული პირები არ ჰყავთ.

უკვე მეხუთე დღეა, რეგიონი საგანგებო რეჟიმში ცხოვრობს. საკარანტინო ზონაში მომუშავე სარისკო პროფესიის წარმომადგენლებიდან ერთ-ერთმა დღეს გაიგო, რომ მამა გახდა. პოლიციის თანამშრომელი გიორგი ბზიშვილი შვილის ნახვას უახლოეს პერიოდში ვერ შეძლებს, რადგან ჩაკეტილი რეგიონიდან გამოსვლის შემდეგ  უსაფრთხოების მიზნით, კიდევ რამდენიმე კვირით ოჯახისგან განცალკევებით, თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევს.

 

 

 

დღის ამბები