26 აპრილი 2024,   16:23
ვრცლად
ბოლნისსა და დმანისის დამაკავშირებელ გზაზე პოლიცია დგას - რა სიტუაციაა საკარანტინე ზონის მეზობელ მუნიციპალიტეტში

საპატრულო პოლიციას შეზღუდვები აქვს დაწესებული იმ გზებზე, რომლითაც დმანისის მუნიციპალიტეტი ბოლნისს უკავშირდება, სადაც ამ დროისთვის მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს. საპატრულო პოლიციას და საჯარისო შენაერთებს საკონტროლო პუნქტი დიდი დმანისის და დმანისის ნაქალაქარის გზაგასაყარზე აქვთ განთავსებული.

სამართალდამცავების განცხადებით გზის გადაკეტვის აუცილებლობა დადგა იმის გამო, რომ კარანტინის ზონაში მოქცეულ მოქალაქეებს მეორადი გზებით არ ესარგებლათ.

თავად დმანისის მოსახლეობას მეზობელ მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია აქვთ. ადგილობრივი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე და პრევენციის ზომებზე ინფორმაცია მათ აზერბაიჯანულ ენაზეც მიიღეს. ისინი საუბრობენ იმის შესახებაც, რომ აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია.

"გვითხრეს რომ 2-3 მეტრზე არ უნდა მივუახლოვდეთ ერთმანეთს და უკეთესია, რომ კონტაქტი არ გვქონდეს, ვიყოთ სახლში, აზერბაიჯანულად მოგვაწოდეს ინფორმაცია. სამწუხაროდ ნიღბები არ იშოვება, აფთიაქებში ვიყავი და არ არის," - აცხადებს დმანისის მცხოვრები არის რუსტამოვი.

კიდევ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი ზომების კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეა:

"უფრო მკაცრი უნდა იყოს, რომ რამენაირად გავძვრეთ ამ უბედურებიდან".

კორონავირუსის გამო მოძრაობა შეზღუდულია საქართველო-სომხეთის საზღვრის დმანისის მონაკვეთზეც. საზღვართან მდებარე სოფელ გუგუთის მოსახლეობის თქმით, ჩაკეტილმა საზღვარმა მათ გარკვეულწილად პრობლემები შეუქმნა, რადგან მათი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდნენ ამ გზაზე მოძრავი მძღოლები, რომლებიც მათ სავაჭრო ობიექტებში ვაჭრობდნენ.

 

დღის ამბები