06 მაისი 2024,   12:34
ვრცლად
ჰაკერების მიერ 4,9 მილიონზე მეტი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების თაობაზე ცესკო განცხადებას ავრცელებს

ამომრჩეველთა მონაცემების ჰაკერულ ინფორმაციასა და კიბერუსაფრთხოების თაობაზე
მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ცესკო განცხადებას ავრცელებს.

"ჰაკერების მიერ 4,9 მილიონზე მეტი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების თაობაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები, რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პორტალზე დაახლოებით 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ არის ინფორმაცია მოცემული, რომელშიც ცხადია არ შედის ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ; ამასთან, ცესკოს, ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნებისთვის, არ გადმოეცემა და შესაბამისად ამომრჩეველთა მონაცემების ბაზაში არც ფლობს ინფორმაციას ამომრჩევლის მამის სახელის, ტელეფონის ნომრისა თუ პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ჰაკერულ საიტზე გამოქვენებული ინფორმაცია, რომელსაც ცესკო არ ამუშავებს და ამასთან, მონაცემთა ბაზა, როგორც მონაცემებით ისე ფორმატით და ბაზის სტრუქტურით განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელთ არსებული ინფორმაციისგან. დამატებით აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის ცესკოში კიბერინციდენტი არ გამოვლენილა და გადამოწმებამ აჩვენა, რომ ჰაკერულ საიტზე განთავსებული პირადი ნომრები და მისამართები არ ემთხვევა ცესკოს ამომრჩეველთა ბაზის მონაცემებს. 

საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში ცესკომ სწორედ დღეს მიიღო განკარგულებით გადაწყვეტილება 1 489 611.86 აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის მიღებაზე, რომელიც აშშ-ს მთავრობის დახმარების ფარგლებში, დონორი ორგანიზაციის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ განხორციელდება და რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიური და კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერას,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები